რაგბი | ორი ქართველის ლელო საფრანგეთის ჩემპიონატში [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთში სტარტი აიღო ახალმა სარაგბო სეზონმა როგორც TOP 14-ში, ასევე რანგით მეორე ელიტურ (PRO D2) დივიზიონში. საფრანგეთის ჩემპიონატში არაერთი ქართველი მორაგბე თამაშობს, რომელთა ერთი ნაწილი ამჟამად ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასისთვის ემზადება, სხვებმა კი ჩემპიონატში პირველი მატჩები ჩაატარეს და პირველი ლელოებიც დადეს – TOP 14-ში თავი ვანო კარკაძემ („მონპელიე“) გამოიჩინა, PRO D2-ში კი – ბექა შვანგირაძემ („ორიაკი“).


TOP 14


„მონპელიემ“ საკუთარ მოედანზე „ლა როშელი“ დაამარცხა (26:15) და ამაში საკუთარი წვლილი ვანო კარკაძემ შეიტანა, რომელიც მოედანზე 41-ე წუთზე შევიდა, ორ წუთში კი ლელო დადო. „ლა როშელში“ ერთმა ქართველმა ითამაშა – 53-ე წუთიდან მოედანზე ალექსანდრე ქუნთელია გამოჩნდა. ნიკა სუთიძე განაცხადაში არ იყო.

„ოიონაქსისა“ და „კლერმონის“ (36:17) შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში სათადარიგოთა შორის იყო გიორგი ძმანაშვილი, რომელიც შეხვედრაში 66-ე წუთიდან ჩაერთო.

„კასტრმა“ „პოს“ უმასპნძლა და დაძაბულ ბრძოლაში 24:23 დაამარცხა. „პოს“ ქართველი ლეგიონერები ბექა გორგაძე და გურამ პაპიძე „ბორჯღალოსნებთან“ ერთად მსოფლიო თასისთვის ემზადებიან. „კასტრში“ კი ლევან ჩილაჩავა მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა.

„ლიონმა“ „ტულონი“ საკუთარ მოედანზე ქართველი ლეგიონერების (დავით ნინიაშვილი, ბექა საღინაძე) გარეშე 27:15 დაამარცხა. სტუმართა რიგებში 47-ე წუთიდან ითამაშა დავით მჭედლიძემ.

„პერპინიანი“ საკუთარ მოედანზე 7:29 დამარცხდა „სტად ფრანსესთან“. მასპინძელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 52 წუთი ითამაშა გიორგი თეთრაშვილმა. სტუმართა შორის ძირითაში ორი ქართველი იყო, ვასილ კაკოვინი და გიორგი მელიქიძე. მელიქიძემ სრულად ითამაშა, კაკოვინი კი 28-ე წუთზე სერგო აბრამიშვლმა შეცვლა, რომელსაც მატჩის მიწურულს არბიტრმა ყვითელი ბარათი უჩვენა და სინბინში გაუშვა.


PRO D2


პირველი ტურის შეხვედები გაიმართა საფრანგეთის ელიტურ მეორე დივიზიონში (PRO D2), სადაც თავი ბექა შვანგირაძემ გამოჩინა.

„ორიაკმა“ იოლად მოახერხა „რუანის“ დამარცხება – 31:7. მასპინძელთა რიგებში სამმა ქართველმა მორაგბემ, გიორგი ქართველიშვილმა, ბასა ხონელიძემ და ბექა შვანგირაძემ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს შეხვედრა. შვანგირძემ შეუცვლელად ითამაშა და ამ მატჩში პირველი ლელო დადო. 69-ე წუთზე შეცვალეს ქართველიშვილი, რამდენიმე წუთით ადრე კი (62-ე წუთზე) ბასა ხონელიძის ნაცვლად მოედანზე ირაკლი მჭედლიძე შევიდა. „რუანის“ შემადგენლობაში მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა სოსო ბეკოშვილმა.

„მონტობანმა“ „ვალანს რომანს“ უმასპინძლა და იოლად – 20:3 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო მირიან ბურდული, რომელიც 51-ე წუთზე შეცვალეს. „ვალანს რომანში“ კი სრული მატჩი ჩაატარა იოანე იაშაღაშვილმა.

„ბეზიესა“ და „ანგულემის“ (20:19) მატჩში მასპინძლეთა რიგებში 50-ე წუთიდან ითამაშა გიორგი ახალაძემ.

„გრენობლმა“ „მონ დე მარსანი“ 30:25 დაამარცხა, „გრენობლში“ ლუკა გოგინავა სასტარტო იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

„ვანისა“ და „ნევერის“ (30-20) შეხვედრაში სტუმართა შორის ილია კაიკაციშვილი მოედანზე 52-ე წუთზე შევიდა, თუმცა 79-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.