მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მორიგი დამაჯერებელი მატჩი ჩაატარა მონტე კარლოს “მასტერსზე” და ფინალში გავიდა.
ესპანელი რეიტინგის მეხუთე ნომერს, ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს ხვდებოდა. ამ მატჩის პირველი სეტი ნადალისთვის ყველაზე რთული აღმოჩნდა. რაფამ ბრეიკით დაიწყო და 3:0 დაწინაურდა, მაგრამ დიმიტროვმა მოულოდნელად შეძლო საპასუხო ბრეიკის შესრულება და ანგარიშის გათანაბრება. თუმცა ბულგარელმა საქმე ტაი-ბრეიკამდე ვერ მიიყვანა – მეათე გეიმში ისევ დათმო საკუთარი მოწოდება და პირველი სეტი წააგო.
მეორე პარტიაში ნადალს უკვე წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია – ესპანელმა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და საათსა და 36 წუთში 6:4, 6:1 მოიგო.
რაფაელის მეტოქე ფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი იქნება, რომელმაც სამ სეტში მოუგო გერმანელ ალექსანდრ ზვერევს – 3:,6, 6:3, 6:4.