წარუმატებელი გამოდგა მსოფლიოს პირველი ჩოგანისთვის, ესპანელი რაფაელ ნადალისთვის წლის შემაჯამებელ ტურნირზე სტარტი. „სამპრასის ჯგუფის“ პირველ ტურში ნადალი ბელგიელ დავიდ გოფენს ხვდებოდა და თითქმის სამსაათიანი მარათონის გადატანა მოუწია. შეხვედრა ბელგიელმა 7:6(5), 6:7(4), 6:4 მოიგო.
გოფენი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო და შეეძლო გაცილებით იოლად მოეგო თამაში. პირველ სეტში მან ორჯერ მოახერხა ბრეიკით დაწინაურება და ნადალმა ორივეჯერ გაათანაბრა ანგარიში. თუმცა, ტაიბრეიკზე ბელგიელმა მაინც შეძლო მოგება. მეორე სეტში გოფენი კიდევ უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან – ისევ ბრეიკით დაწინაურდა და 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, თუმცა ეს შანსიც გაუშვა ხელიდან. შემდეგ კი ოთხი მატჩბოლი გამოიმუშავა და ნადალი ოთხივე შემთხვევაში გადარჩა, რასაც მოგებული ტაიბრეიკი დაუმატა და სეტებში ანგარიში გათანაბრდა.
დაინიშნა მესამე სეტი, რომელიც გოფენის ორი ბრეიკით და 4:1 დაწინაურებით დაიწყო. ნადალმა ერთი დაკარგული მოწოდება დაიბრუნა, მაგრამ მეორედ ეს ვერ გააკეთა და სამ სეტში წააგო.
როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ბოლო მატჩი 2017 წელს ესპანელი ჩოგბურთელისთვის. მან გამოაცხადა, რომ მუხლის ტრავმის გამო, ლონდონში თამაშს აღარ გააგრძელებს.
„ვიყავი განწყობილი იმისთვის, რომ აქ მეთამაშა და ვცადე ამის გაკეთება, მაგრამ გაგრძელებას ვეღარ მოვახერხებ. ამას აზრი არ აქვს. ჩემთვის სეზონი დასრულებულია. მე ეს გადაწყვეტილება მატჩის მსვლელობისას მივიღე და მოგების შემთხვევაშიც მივატოვებდი ტურნირს. იმის შემდეგ, როგორც ჩავატარე ეს სეზონი, არ ვიმსახურებდი კორტზე ასეთ მდგომარეობაში გასვლას: ტკივილით და სიამოვნების გარეშე.
შესანიშნავი სეზონი მქონდა და არ ვიტირებ იმის გამო, რაც აქ მოხდა. შევხვდებით მომდევნო წელს“, – განცხადა ნადალმა, რომელიც 2017 წელს, ნებისმიერ შემთხვევაში პირველი ჩოგანის რანგში დაასრულებს.
ჯგუფური ტურნირის დარჩენილ ორ მატჩში ნადალს მისი თანამემამულე პაბლო კარენო-ბუსტა შეცვლის.
სხვათა შორის, წლის შემაჯამებელი ჩემპიონატი ერთადერთი დიდი ტურნირია, რომელიც ნადალს კარიერაში არასოდეს მოუგია.
„სამპრასის ჯგუფში“ პირველი ტურის მეორე მატჩში ბულგარელმა გრიგორ დიმიტროვმა 6:3, 5:7, 7:5 დაამარცხა ავსტრიელი დომინიკ ტიმი.