რადოსლავ სიკორსკიმ სალომე ზურაბიშვილს მიმართა - ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში
ბევრი ჩვენგანისთვის სააკაშვილი საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა. მნიშვნელოვანია, მას სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში, – ასე მიმართა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.
სიკორსკის თქმით, ეს მისაღები იქნება მათთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა.
„ნატო-ში გაწევრიანების შემდეგ პირველი თავდაცვის მინისტრი ვიყავი, ვინც ეწვია საქართველოს და როგორც საქართველოს მეგობარმა, მინდა, გითხრათ, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ჩვენ გვახსოვს, ამ კონფერენციას ესწრებოდა თქვენი წინამორბედი, პრეზიდენტი სააკაშვილი. ბევრი ჩვენგანისთვის ის საქართველოს მოდერნიზაციის სიმბოლოა. მე ვაფასებ თქვენს კანონის უზენაესობას, ჩვენ ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მას სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში. მათთვის, ვისაც საქართველოსთვის კარგი უნდა, ეს მისაღები იქნება“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.