რადოსლავ სიკორსკი - უკრაინელი ჯარისკაცების პოლონეთში მომზადება უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე საკუთარი ჯარების უკრაინაში გაგზავნა
უკრაინელი ჯარისკაცების პოლონეთში მომზადება უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე საკუთარი ჯარების უკრაინაში გაგზავნა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პრაღაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სიკორსკის თქმით, არ არსებობს შეზღუდვები იმ იარაღის გამოყენებაზე, რომელსაც პოლონეთი აწვდის უკრაინას.
„პოლონეთმა განიხილა უკრაინის მოთხოვნა წვრთნებთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ უფრო უსაფრთხო და ეფექტური იქნებოდა უკრაინელებისგან დაკომპლექტებული ჯარისკაცების წვრთნა პოლონეთში. ეს უფრო ეფექტური გზა იქნება უკრაინის დასახმარებლად“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ამჟამად უკრაინისთვის დახმარების 45-ე პაკეტზე მუშაობენ.
„პოლონეთმა უკრაინას გაუგზავნა დახმარების 44 პაკეტი, ჩვენ ახლა ვმუშაობთ 45-ე პაკეტზე. ვფიქრობთ, რომ მხოლოდ სამხედრო დახმარებისთვის გამოვყოფთ დაახლოებით 4 მილიარდ ევროს“, -განაცხადა სიკორსკიმ.