რადოსლავ სიკორსკი - მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, რაც შეიძლება სწრაფად
პოლონელი ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, რაც შეიძლება სწრაფად.
სიკორსკის თქმით, ევროპარლამენტში აღნიშნეს, რომ „მიხეილ სააკაშვილი ციხეში საკამათო ბრალდებებით იმყოფება“.
„მე ვიყავი ნატო-ს პირველი თავდაცვის მინისტრი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა. მე დავეხმარე საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო იარაღის შეძენაში 2008 წლის თავდაცვითი ომის დროს რუსეთთან. იმედია, ეჭვი არ გეპარებათ საქართველოსადმი ჩემს სიმპათიებში. პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან ველოდები, რომ დაგვარწმუნოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს კარგ კანდიდატობაში. ამავდროულად, მაქვს მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის – მოქმედება უფრო ხმამაღლა საუბრობს, ვიდრე სიტყვა. საქართველომ უნდა დაგვარწმუნოს, რომ პროცესებში კანონი უზენაესია. ეს უნდა ეხებოდეს განსაკუთრებით ოპოზიციას, განსაკუთრებით თქვენი ქვეყნის ყოფილ პირველ პირს. ჩვენ ევროპარლამენტში უკვე აღვნიშნეთ, რომ ბატონი სააკაშვილი საკამათო ბრალდებებით არის ციხეში. მისი ადვოკატიც კი დაკავებულია შეთხზული ბრალდებებით. ასე რომ, მე მოვუწოდებ სალომე ზურაბიშვილს, გაათავისუფლოს სააკაშვილი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე, რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.