რადოსლავ სიკორსკი - გერმანიის მიერ ყველა მეზობელთან საზღვარზე კონტროლის დაწესება შენგენის ზონის მნიშვნელობას ძირს უთხრის
სასაზღვრო კონტროლის შემოღების შესახებ გერმანიის გადაწყვეტილება შეცდომაა, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.
სიკორსკის თქმით, პოლონეთის მთავრობა აკვირდება სიტუაციას, რომელიც გერმანიის მიერ სასაზღვრო კონტროლის შემოღების შემდეგ შეიქმნა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიის მიერ ყველა მეზობელთან საზღვარზე კონტროლის დაწესება შენგენის ზონის მნიშვნელობას ძირს უთხრის.
„ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ განვიხილავთ, როგორ ვუპასუხოთ. კონტროლის შემოღება შეცდომაა, რადგან არალეგალური მიგრანტების ნაკადის კონტროლის რეალური ადგილი, როგორც პოლონეთში, ისე გერმანიაში, შენგენის ზონის გარე საზღვარია“, – აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონელი მინისტრის თქმით, „შენგენის ზონა არ არის რომელიმე მისი წევრის საკუთრება.“
„მისი პოლიტიკის მართვის საკითხები განსაკუთრებით მესამე ქვეყნებთან მიმართებაში, ერთობლივად უნდა გადაწყდეს და არა ცალმხრივად“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიამ საფრანგეთთან, ლუქსემბურგთან, ნიდერლანდებთან, ბელგიასა და დანიასთან სასაზღვრო კონტროლი 16 სექტემბრიდან შემოიღო. სასაზღვრო კონტროლი გაძლიერებულია ასევე პოლონეთთან, ჩეხეთთან, ავსტრიასთან და შვეიცარიასთან.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიის საზღვრებზე შემოწმებები კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება.