რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, სამხედრო სამსახურის ასაკის უკრაინელ მამაკაცებს სოციალური დახმარება შეუწყვიტონ
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ იქ მცხოვრები სამხედრო სამსახურის ასაკის უკრაინელი მამაკაცების დახმარება. მისი თქმით, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება ფინანსური დახმარების დანიშვნის საფუძველი არ არის.
ამის შესახებ სიკორსკიმ კიევში, „იალტის ევროპული სტრატეგიის“ ყოველწლიურ ფორუმზე განაცხადა.
როგორც პოლონელმა მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის ბევრი ქვეყანა სამხედრო სამსახურის ასაკის მამაკაცებს სოციალურ და ეკონომიკურ შეღავათებს სთავაზობს, რაც უკრაინის თავდაცვისუნარიანობას და ეკონომიკურ სტაბილურობას აზარალებს. ამის მაგალითად მან გერმანია დაასახელა.
„ამჟამად გერმანიაში უკრაინელები, რომლებიც იქ დროებითი დაცვის ქვეშ იმყოფებიან, მნიშვნელოვან დახმარებას იღებენ“, – განაცხადა სიკორსკიმ. მისი ინფორმაციით, დახმარება 500 ევროზე მეტს შეადგენს, ამას ემატება საცხოვრებლისთვის კომპენსაცია, რაც, ჯამში, თვეში ერთი ადამიანისთვის ათას ევროს აღემატება. მისი თქმით, ამგვარი დახმარება გათვალისწინებულია ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებშიც.
„არსებობს უკრაინის დახმარების მარტივი გზა – შეწყვიტეთ იმ უკრაინელების დახმარება, რომლებიც მობილიზაციას ექვემდებარებიან. სამხედრო გაწვევისგან თავის არიდება ფინანსური დახმარების საფუძველი არ არის. უბრალოდ შეწყვიტეთ მათთვის ფულის გადახდა“, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ასეთ სოციალურ დახმარებას არ უზრუნველყოფს.
სიკორსკის ინიციატივას მხარი დაუჭირა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ, რომელიც მასთან ერთად მონაწილეობდა პანელურ დისკუსიაში.