რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის საპასუხოდ პოლონეთი ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს 
რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჰიბრიდული ომის საპასუხოდ პოლონეთი ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს 

პოლონეთი რუსეთის ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, რუსეთი პოლონეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომელიც ითვალისწინებს დეზინფორმაციის გავრცელებას, დაწესებულებებსა და კომპანიებზე კიბერთავდასხმებს, პოლონური საზღვრის უკანონო კვეთას და მთელი ქვეყნის მასშტაბით დივერსიულ აქციებს.

„ჩვენ რუსეთის ელჩს თუ გავაძევებთ, ისინი, რა თქმა უნდა, იმავეს გააკეთებენ. ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ თუ დივერსიები გაგრძელდება, ამის გამორიცხვა არ შეიძლება“, – განაცხადა სიკორსკიმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ რუსები გონს მოეგებიან, ხოლო პოლონეთის რეაქცია ჰიბრიდული ომის შემდგომ აქტებს შეაჩერებს.

„ვიცით, რომ რუსები გეგმებს აწყობენ, ამიტომ ძლიერ გზავნილს ვუგზავნით: შეწყვიტეთ“, – განაცხადა სიკორსკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ კი ეს ნაბიჯი მორიგ მტრულ ქმედებად შეაფასა.