რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის სრულად დაკეტვას განიხილავს
პოლონეთი ბელარუსთან საზღვრის სრულად დაკეტვას განიხილავს. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ტელეკომპანია TVN24-ის ეთერში განაცხადა, პოლონეთის ხელისუფლება სწავლობს, თუ რა შედეგები ექნება პოლონეთის ეკონომიკისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბელარუსთან სასაზღვრო-გადასასვლელი პუნქტების სრულად დაკეტვას.
სიკორსკიმ ისაუბრა ივნისის დასაწყისში პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც მიგრანტის მიერ დანის დარტყმის შედეგად პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ, მაგალითად, ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გადასასვლელები დახურა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის, რაც ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვარზე ხდება, არის რუსული და ბელარუსული სპეცსამსახურების მიერ სრულად კონტროლირებადი ოპერაცია.
„განსაკუთრებულად შოკის მომგვრელია ის, რომ ბელარუსი ოფიცრები ამ ადამიანებს ასწავლიან, როგორ დაარტყან პოლონელ სამხედროს, მესაზღვრეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.
მისი განცხადებით, ვარშავა გადაწყვეტილებას მიიღებს შესაძლო შედეგების ანალიზის შემდეგ.
„ამ გადაწყვეტილებების შედეგები რომ იგრძნოს ლუკაშენკომ და არა – ჩვენ“, – აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.