რადკა ბეთჩევა - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პირველ არხს სურს, მაქსიმალურად ახლოს იყოს მაყურებელთან, იყოს თანამედროვე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პირველ არხს სურს, მაქსიმალურად ახლოს იყოს მაყურებელთან, იყოს თანამედროვე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, – ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა რადკა ბეთჩევამ განაცხადა.
რადკა ბეთჩევა დღეს საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს შეხვდა.
„ჩვენი ვიზიტის ფარგლებში გავმართავთ შეხვედრებს არხის ყველა რგოლის წარმომადგენელთან. დღეს შევხვდით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს, ვისაუბრეთ არხის გეგმებზე, გამოწვევებსა და წარმატებებზე. იმ დასკვნაზე, რომელშიც ეუთო/ოდირმა არჩევნების გაშუქებისას პირველი არხის მუშაობა ნეიტრალურად და დაბალანსებულად შეაფასა. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გვენახა არხის ახალი შენობა, რომელიც ახლა შენდება. დარწმუნებული ვარ, ნაგებობა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს იქნება მორგებული, ინტეგრირებულ ნიუსრუმს ბევრ შესაძლებლობას გაუხსნის. ჩვენ ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ, მომავალზე მორგებული ცვლილებები და მიდგომები ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რადკა ბეთჩევამ.
საქართველოს პირველ არხს ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) დელეგაცია სტუმრობს. ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ხელმძღვანელი საშა სკოტი, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი რადკა ბეთჩევა და ციფრული ტრანსფორმაციის და პლატფორმების მიმართულების ხელმძღვანელი ვოუთერ კარტიე საქართველოში შეხვედრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან მართავენ. ვიზიტი ასევე დაგეგმილია ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან.
დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოში 11-15 ოქტომბერს მართავენ. ევროპის მაუწყებელთა კავშირის წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის შეფასებაა, რის შემდეგაც დაიგეგმება იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიც მაუწყებელს არსებული გამოწვევების დაძლევაში და ბაზარზე ამ მიმართულებით კონკურენტული პოზიციის შენარჩუნებაში დაეხმარება.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის შესახებ EBU-ს გამოცემაში PLAYBOOK დაიწერა და ის სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის წარმატებულ მაგალითად შეფასდა. საზოგადოებრივი მაუწყებელი 2005 წლიდან არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის აქტიური წევრი და ორგანიზაციასთან მჭიდრო, მრავალმხრივი და ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებს.