რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით კომუნიკაციების კომისია საზოგადოებრივი აზრის კვლევას ჩაატარებს
კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით საზოგადოებრივი აზრის კვლევას ჩაატარებს.
როგორც კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, კვლევის ჩატარების მიზანია, რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა რადიომსმენელების მოთხოვნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად მოხდეს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
„კვლევის საფუძველზე კომუნიკაციების კომისია რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ორი წლის ვადით განსაზღვრავს და ლიცენზიებზე კონკურსს სწორედ ამის შემდეგ გამოაცხადებს. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ფარგლებში ცნობილი გახდება, თუ რომელი თემატიკისა და ჟანრის გადაცემებს ანიჭებენ უპირატესობას მსმენელები, რომელი გადაცემების დეფიციტს განიცდის საზოგადოება სხვადასხვა გეოგრაფიულ ზონაში რომელი რადიომაუწყებლობის დამატების საჭიროებაა ქართულ რადიოსივრცეში და ასევე, როგორია ადგილობრივი მოსახლეობისთვის რადიოებზე ხელმისაწვდომობა, რაოდენობა და მათი დაფარვის ხარისხი“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და რესპოდენტთა თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა საქართველოს 14 რეგიონში ჩატარდება, მათ შორის თბილისში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, სტეფანწმინდაში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, სამეგრელოში, სვანეთში, გურიასა და აჭარაში.
„შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ გასულ თვეს „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“ ახალი დადგენილება მიიღო, რომელიც კერძო საეთერო რადიომაუწყებლების სამაუწყებლო არეალის გაფართოებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – რადიომაუწყებლობის ბაზარზე ახალი მაუწყებლების შემოსვლას შეუწყობს ხელს.
საზოგადოებრივ აზრის კვლევაში ასახული უნდა იყოს საზოგადოების დამოკიდებულება და მოთხოვნა როგორც კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის თემატიკისადმი, ისე კერძო საერთო რადიომაუწყებლობაზე და რეგიონულ (ადგილობრივ) რადიოს არსებობაზე, რომელიც აქცენტირებული იქნება ადგილობრივი ამბების გაშუქებით.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე, განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს, რის შემდეგაც ახალი ზონების მიხედვით განახლებული თავისუფალი სიხშირული რესურსი გამოქვეყნდება და კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად შესაბამისი კონკურსები გამოცხადდება“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.