„რადიო თავისუფლება“ - საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია
საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას არ მოუთხოვია, თუმცა ამ საკითხის განხილვა წინასწარ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორსპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, სადაც ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა გამართა შეხვედრა, რომელზეც შეშფოთება გამოთქვეს ორი ქვეყნის, საქართველოსა და ალბანეთის გამო.
„ამავე წყაროს თანახმად, საქართველოზე მსჯელობის მიზეზი გახდა ერთ წელიწადში (2016-2017 წწ) საქართველოდან ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა, დაახლოებით, 50%-ით გაზრდა. 2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც ძალაში შევიდა მიგრაციის ტალღების გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი.
„შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან ევროკავშირის რომელიმე მიმღებ ქვეყანას მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება“, – ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.