რადიო „მოზაიკაში“ აცხადებენ, რომ საპროტესტო წარწერების გამო, პოლიცია რადიოს დირექტორის დაჯარიმებას ითხოვს
საპროტესტო წარწერების გამო, პოლიცია გორის სათემო რადიო „მოზაიკას“ დირექტორის გვანცა დოლუაშვილის დაჯარიმებას ითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას „მოზაიკა“ ავრცელებს.
რადიოს ცნობით, შსს-ში გამოძიება დაიწყო წარწერისთვის – „მკვლელი ქუჩაშია“, რომელიც ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად გორის ქუჩებში ივნისის დასაწყისში გაკეთდა.
რადიო „მოზაიკაში“ აცხადებენ, რომ წარწერების გამოჩენიდან დაახლოებით ორი თვის მერე, გვანცა დოლუაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება იყო დაწყებული და პოლიცია მას ქალაქის იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებდა, რაც 500 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
რადიოს ცნობით, გორის რაიონული სამმართველოს მასალების თანახმად, სამართალდამცველები რამდენიმე პოლიციელის ახსნა-განმარტებას ეყრდნობიან და საქმეში ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები არ არის. რადიოში აცხადებენ, რომ საქმეზე გვანცა დოლუაშვილი გამოიკითხება.