ძვირად ღირებულ კურორტზე რადას დეპუტატის დასვენების სკანდალის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა
რადას დეპუტატის ძვირად ღირებულ კურორტზე დასვენების სკანდალის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ სახალხო დეპუტატებსა და მაღალჩინოსნებს საზღვარგარეთ გასვლა აუკრძალა.
ამასთან, ხელისუფლება მუშაობს კანონმდებლობის შემუშავებაზე, რომელიც საჯარო მოხელეების მივლინებებს დაარეგულირებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადეს.
„ეს სიმართლეა, რომ ყველა დეპუტატს და მაღალჩინოსანს უკრაინიდან გასვლა დაუბლოკეს. ადამიანებმა რეალობასთან კავშირი დაკარგეს. ამიერიდან შესაბამისი ორგანოები ძალიან გულდასმით შეამოწმებენ დოკუმენტებს მივლინებების, მიწვევების, მარშრუტის შესახებ, რათა არ მოხდეს ისე, რომ მივლინება ვილნიუსშია, ადამიანები კი ბრუნდებიან ხორვატიიდან, სადაც კიდევ ერთი კვირა ყოვნდებიან. ახლა დასრულდება დადგენილების შემუშავება, რომელიც არეგულირებს მივლინებებსა და შვებულებებს საზღვარგარეთ სამხედროების მიმართაც. არის მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ განსაკუთრებით სკანდალურმა პირებმა, მას შემდეგ რაც მანდატს დაკარგავენ, შეძლონ, გაწვევის უწყებების მიღება და საომრად წასვლა“, – განუცხადა უკრაინულ მედიასაშუალებას ქვეყნის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.
მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა საზღვარგარეთ ყველა მაღალჩინოსნისა და დეპუტატის გაშვების აკრძალვის მითითება მიიღეს.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დეპუტატ იური არისტოვის მალდივის კუნძულებზე დასვენებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. ახლა მოწმდება მისი დასასვენებლად წასვლის კანონიერების ფაქტი, მიუხედავად ოფიციალური პირებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვისა.