რადას დეპუტატი - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ყველა მოხსენებაში გვექნება აქცენტი საქართველოსა და უკრაინაზე, საფრთხეებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს ორივე ქვეყნისთვის
შემდეგი ნაბიჯი, რაც უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ, ის არის, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან დაინახონ – თქვენ ხართ ჩვენთან, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესიაზე უკრაინული დელეგაციის წევრმა, რადას დეპუტატმა სოლიმია ბობროვსკამ განუცხადა.
დეპუტატის შეფასებით, ნატო-ს წევრი ქვეყნების საჭიროებაც არის, უკრაინა და საქართველოს ჰყავდეთ ორგანიზაციაში.
„შემდეგი ნაბიჯი, რაც უკრაინამ და საქართველომ უნდა მიიღონ, ეს არის ის, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან დაინახონ – თქვენ ხართ ჩვენთან. ამაყები უნდა იყოთ, რადგან თქვენ ხართ აღმოსავლეთის საზღვარი. მე ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი საჭიროება, ვიყოთ მათთან, არამედ მათი საჭიროებაც, რომ ვყავდეთ ორგანიზაციაში.
ამ სესიის განმავლობაში ჩვენ გვექნება უკრაინის ხუთწლიანი გზის შეჯამება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სესიაა უკრაინისთვის, თუმცა გარდა ამისა, ყველა მოხსენებაში ჩვენ გვექნება აქცენტი საქართველოსა და უკრაინაზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს ორივე ქვეყნისთვის. ვფიქრობ, ამ დღეების განმავლობაში ქართულ დელეგაციასთან ძალიან მჭიდროდ და ერთობლივად ვიმუშავებთ“, – განაცხადა რადას დეპუტატმა.
ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის სამომავლო ნაბიჯებზე. ხუთი კომიტეტის ფარგლებში – სამოქალაქო უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების, პოლიტიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტებზე ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციებსა და დადგენილებს დაამტკიცებენ. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობს. როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლონდონიდან იუწყება, საქართველოს პარლამენტის წევრები ახლა პოლიტიკის კომიტეტის სხდომას ესწრებიან, სადაც განსახილველ ერთ-ერთ რეზოლუციაში საქართველოზეც არის საუბარი.