რადას დეპუტატი აცხადებს, რომ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი სამი პორტიდან განხორციელდება
უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი სამი პორტიდან განხორციელდება. „ბიბისის” ცნობით, აღნიშნულის შესახებ უმაღლესი რადას დეპუტატმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომელიც მარცვლეულის თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრია.
მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიიდან მარცვლეულის ექსპორტი იგეგმება ოდესის, იუჟნისა და ჩერნომორსკის პორტებიდან. უმეროვის თქმით, მარცვლეულის უსაფრთხო ტრანსპორტირების მარშრუტები შემუშავებულია სამხედროების მონაწილეობით და უსაფრთხოების წესების დაცვას გაერო-ს ეგიდით სტამბოლში მდებარე მონიტორინგის ჯგუფი დააკვირდება.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსული გემები ვერ შეძლებენ უკრაინული მარცვლეულის მატარებლების შემოწმებას.
„ჩვენ შევიმუშავეთ მექანიზმი ამ დერეფნებთან დაკავშირებით და ზღვაზე ამ გემების კონტროლი არ იქნება. მხოლოდ მონიტორინგის ჯგუფი იმუშავებს თავისი მანდატით და ისინი მხოლოდ იმას შეამოწმებენ, რომ ეს გემები იარაღით არ იყვნენ აღჭურვილნი“, – განაცხადა უმეროვმა.
„ბიბისის” ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ მემორანდუმის გაფორმება შესაძლებელია ამ კვირაში განხორციელდეს.