რაჭაში სტიქიის შედეგად ჩამოშლილ გზის მონაკვეთებზე დროებითი გზების მოწყობა გრძელდება
რაჭაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-5 დღეა, გრძელდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)- ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე კმ-დან 500 მეტრში, დროებითი გზა მოეწყო და გზის ჩამოშლილი მონაკვეთი გაიხსნა. მძიმე ტექნიკა აგრძელებს 128-ე და 129-ე კმ-ზე დროებითი გზის მოწყობისა და გეოდეზიური სამუშაოებს.
„ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე ოთხი ერთეული ტექნიკა მუშაობს. საერთო ჯამში კი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 11 ერთეული ტექნიკაა ჩართული. უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა შვიდ სოფელთან. ჯერ ხუთი სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად.
სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით. ონის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, რათა საავტომობილო მოძრაობა გახდეს შესაძლებელი.
სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო პრო ჯორჯიას“, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“,- აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.