რაჭაში მაშველებმა მუშაობა დილიდან განაახლეს [ფოტო/ვიდეო]
12:06, 30.07.2020
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რაჭაში, სტიქიის ზონაში დილიდან განაახლეს აქტიური სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამ ლოკაციაზე: ხიდეშლები-მაჟიეთის, ჯინჭვისი-გომისა და ჟამიერეთის მონაკვეთებზე მოეწყო საბაგირო მაგისტრალები. საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენამდე, სპეციალური აღჭურვილობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა სოფლებში ჩარჩენილი მოსახლეობისთვის პირველადი მოხმარების საგნებისა და საკვები პროდუქტების მიწოდება.
„პროცესში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სამაშველო ჯგუფები. ადგილზე მობილიზებულია სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საბაგირო მაგისტრალების მოწყობაში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე სამაშველო დრონები.