რა ვითარებაა კიევში კარვების ქალაქსა და წინასწარი დაკავების იზოლატორთან
რა ვითარებაა კიევში კარვების ქალაქსა და წინასწარი დაკავების იზოლატორთან

უკრაინაში, კარვების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, სიშვიდეა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილი რჩება კარვებში, ხოლო მეორე ნაწილი წინასწარი დაკავების იზოლატორთან არის შეკრებილი, სადაც მიხეილ სააკაშვილი წუხელ, დაპატიმრების შემდეგ გადაიყვანეს.

დილით, კარვების ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა სამართალდამცავებისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლების გადაადგილება. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ეს იყო დაგეგმილი როტაცია და სამართალდამცავთა ერთი ჯგუფი მეორემ ჩაანაცვლა.

მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.

ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.

მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.