რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ვაქცინების შესახებ - ექსკლუზიური ინტერვიუ Sabin Vaccine Institute-ის გლობალური იმუნიზაციის პრეზიდენტთან
რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ვაქცინების შესახებ - ექსკლუზიური ინტერვიუ Sabin Vaccine Institute-ის გლობალური იმუნიზაციის პრეზიდენტთან

როგორ მუშაობს ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინა, რომელსაც ვაქცინოლოგიის ახალ ეპოქას უწოდებენ, როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ მასობრივი იმუნიზაცია, რამდენად მნიშვნელოვანია უნივერსალური ვაქცინის შექმნა პანდემიების შესაჩერებლად და რას მოიაზრებს ფრაზა „ვირუსთან თანაცხოვრება“, – ამ ძირითად საკითხებზე საუბრობს ამერიკული ინსტიტუტის, Sabin Vaccine Institute-ის გლობალური იმუნიზაციის პრეზიდენტი ბრიუს გელინი, რომელთანაც ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი არხის ანალიტიკურმა საკვირაო გადაცემა „ახალმა კვირამ“ ჩაწერა.

პროფესიით ეპიდემიოლოგი ბრიუს გელინი მუშაობდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, აშშ-ის სახელმწიფო ვაქცინების პროგრამის ოფისში, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში. 2017 წლიდან ბრიუს გელინი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ინსტიტუტს, Sabin Vaccine Institute-ს ხელმძღვანელობს. ეს ინსტიტუტი ვაშინგტონში 1993 წელს ჰელოისა საბინმა დააარსა. ჰელოისა საბინი ალბერტ საბინის მეუღლეა, – მეცნიერის, რომელმაც თავის დროზე პოლიომიელიტის ვაქცინა შექმნა.

დიდი მადლობა ჩვენთვის დრო რომ გამონახეთ. დავიწყოთ საუბარი ვაქცინებით, რასაც „გვირაბის ბოლოს სინათლეს“ უწოდებენ. ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინები, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები სულ მცირე 90-პროცენტიანი ეფექტიანობით გამოირჩევა. ისიც გვახსოვს, ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინებს თავის დროზე მეცნიერებმა ვაქცინოლოგიის ახალი ეპოქა უწოდეს. როგორ მუშაობს და რითაა გამორჩეული ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინა?

იმით დავიწყებ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის იდეასა და სტრუქტურაზე მუშაობა და შესწავლა დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო – SARS-ისა და MERS-ის ვირუსების საფუძველზე. მთელი ამ დროის განმავლობაში ვსწავლობდით, როგორ უნდა იმუშაოს იმუნიტეტმა ამ ვირუსების წინააღმდეგ. როდესაც ამტკიცებენ, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა ძალიან სწრაფად წარიმართა, მხედველობიდან ნუ გამოგვრჩება ის ფაქტი, რომ სხვა კორნავირუსების წინააღმდეგ ვაქცინის სტრუქტურაზე მუშაობა უკვე 15 წელია, მიმდინარეობს. მთელი ამ დროის განმავლობაში მოგროვილ ინფორმაციას მივყავართ სპაიკცილებამდე. ვირუსის გრაფიკულ გამოსახულებაზე ყველა ჩვენგანს უნახავს ბურთზე მიმაგრებული პატარა წითელი შვერილები. სწორედ ეს გახლავთ სპაიკცილები, რაც მთელ ამ პროცესში უმთავრესია. იმისთვის, რომ ინფიცირება შეჩერდეს, უნდა დაითრგუნოს სპაიკცილების მოქმედების უნარი. ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინა მართლაც ახალი ტექნოლოგიაა და ხანგრძლივ კვლევებს ეფუძნება. მისი მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ უჯრედებში ვირუსულ ცილას ხელოვნურად წარმოქმნისა და როცა კორონავირუსის სპაიკცილები ორგანიზმში ბუნებრივად აღწევს, დაინფიცირების ნაცვლად, ჩვენი იმუნიტეტი მას ცნობს, პასუხს სცემს და თრგუნავს. არსებობს ხშირად დასმული კითხვა ამ და სხვა ვაქცინების ირგვლივ. ადამიანების ნაწილი შიშობს, ხომ არ მოქმედებს იგი დნმ-ზე, მათ გენზე. ეს შიში უსაფუძვლოა, რადგან ვაქცინა უჯრედებში მხოლოდ ვირუსულ ცილას წარმოქმნის და თავისი მოვალეობის შესრულებას ამით ამთავრებს.

ჩვენ დეზინფორმაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. სოციალურ ქსელებში მიზანმიმართულად და ხშირად არამიზანმიმართულადაც „კოვიდ-19“-ის ვაქცინების შესახებ ყალბი ახალი ამბების ნიაღვარი მოედინება. რეალურად კი, რა გვერდითი მოვლენა ახლავს ამ ვაქცინას?

დიახ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს ამის შესახებ, ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია საჭირო წყაროდან. უკვე მრავალი წელია, ადამიანი კუნთში ინექციის შედეგად იცრება და მას შესაძლოა, ჰქონდეს ადგილობრივი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა კანის სიწითლე, შეშუპება და ტემპერატურის მატება. ეს ყველა ვაქცინას ახასიათებს. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინის შეყვანა კუნთში, სხვებთან შედარებით, მტკივნეულია. ადამიანმა ვაქცინაციის წინ ესეც უნდა იცოდეს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მას ორი დოზით ცრიან. კვლევები ცხადყოფს, რომ მეორე ინექცია პირველზე კიდევ უფრო მეტად მტკივნეულია. ზოგადად, ვაქცინების შექმნის ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ფუნდამენტი სწორედ უსაფრთხოებაა. თუ შევადარებთ წამლებს, რომლებითაც სხვადასხვა დაავადებას მკურნალობენ, ვნახავთ, რომ უამრავი მედიკამენტი გაცილებით მეტი გვერდითი მოვლენით გამოირჩევა, ვიდრე ვაქცინა. ამ მიზნით ტარდება კლინიკური კვლევები, ყველა სახის რისკი რომ გამოირიცხოს. ამ კვლევებში, როგორც წესი, ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს და გვერდითი მოვლენა ძალიან იშვიათად ვლინდება, შესაძლოა მილიონში ერთი. რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ეს გახლავთ ალერგიული რეაქცია, ანაფილაქსიური შოკი, რაც ნამდვილად სერიოზული გართულებაა და რაც ვაქცინაციიდან მხოლოდ პირველ 20 წუთში იჩენს თავს. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც წერია, რომ მილიონ 800 ათასი ადამიანიდან ალერგიული რეაქცია 21 ადამიანს გამოუვლინდა, ყველა მათგანს ინექციიდან პირველივე 20 წუთში. მათი უმრავლესობა წარსულში მწვავე ალერგიული რეაქციებით გამოირჩეოდა. მსგავსი კვლევები აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველ კვირას ქვეყნდება იმ მიზნით, რომ მოქალაქეები საქმის კურსში იყვნენ და არსებულ კითხვებზე პასუხი მიიღონ. რაც შეეხება ვაქცინის გვერდით მოვლენას ხუთი ან ათი წლის შემდეგ, თუ ამ საკითხს ვაქცინების საუკუნოვანი ისტორიის ჭრილში შევხედავთ, დავინახავთ, რომ გვერდითი მოვლენა მალევე ვლინდება, რაზეც ახლა ვისაუბრე, და არა წლების შემდეგ.

ერთ-ერთი ვაქცინა, რომლის შემოტანაზეც საქართველოს მთავრობა მსჯელობს, ოქსფორდისა და „ასტრაზენეკას“ ერთობლივი ვაქცინაა. ასევე, იგეგმება Pfizer-ის ვაქცინის შემოტანაც, რომლის ეფექტიანობაზეც უკვე ვისაუბრეთ. დასავლურ გამოცემებში წერენ, რომ დაბალი ფასიდან და შენახვის მარტივი პირობებიდან გამომდინარე, განვითარებადი ქვეყნებისთვის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ყველაზე ხელსაყრელია. რას გვეტყვით ამ ვირუსული ვექტორის ვაქცინაზე და რამდენად ეფექტურია?

კლინიკური კვლევების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი კიდევ არაერთი ვაქცინაა ავტორიზაციის მოლოდინში. როცა ყველა აუცილებელი პროცედურა დასრულდება, მსოფლიო მეტ ვაქცინას მიიღებს. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ხარისხს, გამოქვეყნებული კვლევის შედეგები გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ ოქსფორდის ვაქცინა სულ მცირე 70-პროცენტიანი ეფექტიანობით გამოირჩევა. ცხადია, ყველა კომპანიას, რომელიც ვაქცინის შექმნაზე მუშაობს, განსხვავებული მიდგომა, მოქმედების მექანიზმი და ტექნოლოგია აქვს, თუმცა პრინციპი საერთოა – დაიცვან უჯრედები კორონავირუსის სპაიკცილებისგან. ინფორმაციული რნმ-ის ვაქცინისგან განსხვავებით, ვირუსული ვექტორის ვაქცინაში არა თავად კორონავირუსის ფრაგმენტი, არამედ სხვა ვირუსია გამოყენებული, რომელიც ორგანიზმს იმუნური პასუხის უნარს ანიჭებს.

ვიცით, რომ ჯოგური იმუნიტეტი პანდემიის დასრულების ერთგვარი გასაღებია. რამდენად სწრაფად მოახერხებს მსოფლიო მოსახლეობა ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავებას კორონავირუსის წინააღმდეგ? რეალურად, რამდენად ახლოსაა პანდემიის დასასრული?  

ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავება დამოკიდებულია იმუნიზებული მოქალაქეების რაოდენობაზე, რადგან თუ საზოგადოებაში არსებობს აუცრელი ადამიანების ერთგვარი კუნძული, ვირუსი მათ მიაგნებს და დაიწყება გავრცელება. კლასიკურ მაგალითად მოვიყვან ინფექციურ ვირუსულ დაავადება წითელას. ვიცით, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქებას მრავალი წელია, ადგილი აღარ ჰქონია, ამიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი ჯოგური იმუნიტეტის მისაღწევად იმუნიზაციის ფართოდ დანერგვა. ჩვენ გვაქვს წითელას მართლაც შესანიშნავი მაგალითი, როცა ვირუსი არსებობს, არსად გამქრალა, მაგრამ პანდემიას ვეღარ იწვევს. სწორედ ეს გახლავთ ერთგვარი თანაცხოვრება ვირუსთან. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტი ადამიანია აცრილი კონკრეტულ ქალაქში, ქვეყანაში თუ მთელ მსოფლიოში, ვირუსი მით უფრო ცოტა ადამიანს აინფიცირებს. სწორედ ამას ეფუძნება პანდემიის შეკავების მთავარი პრინციპი.

დღეს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ დაწყებული ვაქცინაციის პროგრამის მთავარი მიზანია იმუნიტეტის გამომუშავება იმ ადამიანებში, ვისაც ვირუსი ჯერ არ გადაუტანია. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მათ ნაწილს, ვინც ეს ვირუსი უკვე გადაიტანა, დარჩა გართულებები, ვაქცინაცია კი იმუნიტეტს თანმდევი გართულებების გარეშე გამოგვიმუშავებს. ის, რისი თქმაც რთულია, გახლავთ დრო, კერძოდ მსოფლიო მოსახლეობის იმუნიზაციის დასრულების კონკრეტული თარიღი. ეს ფაქტორი კონკრეტულ ქვეყნებზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად ორგანიზებულად მოახერხებს სახელმწიფო საკუთარი მოსახლეობის მასობრივ იმუნიზაციას. თუ სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებს გადავხედავთ, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია უკვე დაიწყო, ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებული მაგალითი ისრაელია, სადაც მოსახლეობის 15 პროცენტი უკვე აიცრა.

ახალი ტიპის კორონავირუსი მუტაციას განიცდის. უკვე გამოვლინდა ახალი შტამი, რომელიც მორიგ გამოწვევებს უკავშირდება. ხომ არ არსებობს იმის საფრთხე, რომ ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინა სათანადოდ ვეღარ იმუშავებს?

თეორიულად ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განიცდის ცვლილებას ვირუსი. მაგალითად, გრიპის ვირუსის მუტაციის შემთხვევაში, იმუნიზაციის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი შესაძლოა, ნაკლებად გვიცავდეს. თუ ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის მიმართ ეფექტიანობას დაკარგავს, მოკლე დროში მცირედი მოდიფიკაციის შედეგად, მეცნიერებს შეუძლიათ ვაქცინის შიგთავსის განახლება, რომელიც მიზანში ახალ შტამს ამოიღებს.

ეს იყო დრამატული პანდემიური წელი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. მინდა, გკითხოთ, რა ასწავლა მსოფლიო ჯანდაცვის სისტემას „კოვიდ-19“-ით გამოწვეულმა პანდემიამ?

კარგი შეკითხვაა. ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლეთ. პირველ რიგში კი ის, თუ როგორ ავირიდოთ მომავალში არაერთი ვირუსით გამოწვეული პანდემია. ამ პროცესში ინფორმაციის დროული გაცვლა და შემდგომი კონტროლი, ზედამხედველობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წარმოიდგინეთ, საჯინიბოს კარი ცხენების გაქცევის შემდეგ რომ ჩარაზო, ხომ ამაო იქნება?! ეს მანამდე უნდა გააკეთო, სანამ ცხენები გაიქცევიან. იმის თქმა მინდა, რომ ასეთ დროს ძალიან სწრაფი მოქმედებაა საჭირო. ასეა ვირუსიც, ფართო გავრცელებამდე უნდა შეჩერდეს. ამ პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, სადაც ვაქცინა დროულად შეიქმნება. მაგრამ ყოველთვის უკეთესია, ვაქცინა პრობლემის გაღრმავებამდე არსებობდეს. მხედველობაში მაქვს უნივერსალური ვაქცინა, მაგალითად, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა. არ დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრიპის ვირუსმაც შეიძლება, გამოიწვიოს და მსგავსი საფრთხე ისევ არსებობს. ასე რომ, გრიპის ვირუსიც მეცნიერებისგან არანაკლებ ყურადღებას საჭიროებს. უნივერსალური ვაქცინა უნდა არსებობდეს კორონავირუსის წინააღმდეგაც, რადგან კორონავირუსებით გამოწვეულ ეპიდაფეთქებას კაცობრიობა უკვე მესამედ გადააწყდა. ჯერ იყო SARS-ი, შემდეგ MERS-ი და ბოლოს „კოვიდ-19“. ეს ვირუსები მომავალშიც აღმოცენდება, შესაძლოა სხვა ვირუსებიც, ამიტომაც მეცნიერება მსგავს გამოწვევას მომზადებული უნდა შეხვდეს. რაც შეეხება მასობრივ ვაქცინაციას, პანდემიის შესაჩერებლად გარდამტეხ ფაქტორს წარმოადგენს ვაქცინის ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. სახელმწიფოს შემუშავებული უნდა ჰქონდეს დროული ვაქცინაციის პროგრამა, უნდა მოაწესრიგოს ლოჯისტიკა, უზრუნველყოს მარაგის დროული მიწოდება, ვაქცინის შესანახად მოიმარაგოს ტემპერატურული კონტროლის სისტემით აღჭურვილი მაცივრები და გადაამზადოს მედპერსონალი. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, – ინფორმაცია. კომუნიკაცია მოსახლეობასთან გადამწყვეტი კომპონენტია, რადგან ადამიანებს უჩნდებათ კითხვები და ზოგ შემთხვევაში, პასუხებს არასწორი წყაროებიდან იღებენ, რის საფუძველზეც მცდარ ნაბიჯებს დგამენ და საკუთარ ოჯახს, სხვებს საფრთხის ქვეშ აყენებენ, პანდემიის დროს კი ერთი არასწორი ნაბიჯიც სავალალო შედეგს იწვევს.

დიდი მადლობა დროისთვის, რომელიც ჩვენთვის გამონახეთ და საინტერესო ინტერვიუსთვის.

ვაფასებ თქვენს ინტერესს ამ საკითხის მიმართ. იმუნიზაციის შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის გავრცელება, სწორი წყაროების მოძიება და მკითხველებისა თუ მაყურებლებისთვის ამ ინფორმაციის სწორად მიწოდება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.