ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ჟურნალისტები წლევანდელი კამპანიის შედეგებს აჯამებენ.
როგორც ესპანური გამოცემა „ასი“ (AS) გვატყობინებს, 2019 წლის იანვრის თვეში, ესპანურმა კლუბებმა სატრანსფერო ბაზარზე საერთო ჯამში 82,3 მილიონი ევრო დახარჯეს.
ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებად მადრიდის „რეალისა“ და „ბეტისის“ შენაძენები – ბრაჰიმ დიასი და დიეგო ლაინესი იქცნენ. ორივე ფეხბურთელის ღირებულება 15 მილიონი ევრო გახლდათ.
რაღა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი გასული წლის ზამთრის სტატისტიკას ვერ უტოლდება, რადგანაც შარშან, მარტო „ბარსელონამ“ კოუტინიოში 160 მილიონი ევრო გადაიხადა.
აღსანიშნავია, რომ 82,3 მილიონი ევრო, რომელიც ამა წლის იანვარში დაიხარჯა, ესპანური ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე მასშტაბური მაჩვენებელია.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზამთარში ესპანური კლუბების შემოსავალმა 44,5 მილიონი ევრო შეადგინა.