რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, პირბადე გამოიყენოს - ამირან გამყრელიძის განმარტება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთობლივად – სახელმწიფომ, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცნტრმა მოამზადა ყველა ღონისძიება, რათა ეროვნული გამოცდების პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, არ მოხვდეს გამოცდაზე ინფიცირებული აბიტურიენტი ან შესაძლო შემთხვევა და ინფექცია არ გავრცელდეს.
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა აბიტურიენტებს, რომ თუ მათ გამოცდის წინა დღეებში რესპირატორული სიმპტომები გამოუვლინდებათ, კვლევა ჩაიტარონ.
„დალაგებულია მთელი სისტემა, რომელიც გამოქვეყნებულია და გამოქვეყნდება კიდევ. მარტივად გეტყვით, ვისაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი რესპირაციული სიმპტომები, თავისი ოჯახის ექიმის დანიშნულებით მივიდეს შესაბამის ცენტრებში, სადაც ხდება ნაცხის აღება. აუცილებლად უნდა გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი. 40-მდე მეტი ადგილია ქვეყანაში, სადაც შეუძლიათ ნაცხის აღება და პასუხის მიხედვით წარდგნენ საგამოცდო კომისიის წინაშე“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა გამოცდის პერიოდში კონდიცირებისა და პირბადეების გამოყენების საკითხზე. გამყრელიძის თქმით, ღია ფანჯრის პირობებში კონდიციონერის ჩართვისას ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.
მისი განმარტებით, გამოცდების დაწყების წინ მოხდება სრულად კონდიცირება, ხოლო შემდეგ კონდიციონერები გაითიშება. ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, თუ გამოცდების პერიოდში ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, კონდიცირება გარკვეული პერიოდულობით ისევ ჩაირთვება.
კონდიცირების ჩართვის დროს აბიტურიენტი ვალდებული იქნება, პირბადე გამოიყენოს.
აქვე, გამყრელიძემ განმარტა, თუ რა შემთხვევებში იქნება აბიტურიენტი ვალდებული, ეროვნულ გამოცდებზე პირბადე გამოიყენოს.
„დაახლოებით, ორი თვეა, შექმნილია ერთობლივი ჯგუფი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი თავისთავად მონაწილეობდა. ყველაზე დიდი კამათი იყო ორ საკითზე – გამოცდებზე ვენტილაციის შესაბამის პირობებზე და პირბადის ხმარების, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი დამცავის და პრევენციული საშუალების გამოყენების წესზე.
ამასთან დაკავშირებით იცით, რომ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო რეკომენდაციებით, უკვე არის მტკიცებულებები, რომ თუ ფანჯრები ოთახში ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, მინიმალურია საფრთხე ინფექციის გავრცელებისა.
ამიტომ, რა თქმა უნდა, კონდიცირების გამოყენება გამოცდების პროცესში შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ეკეთოთ პირბადე. პირბადე არის ერთ-ერთი მთავარი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს ჰქონდათ გარკვეული წუხილი, დაგეთანხმებით, რომ პირბადე არის გარკვეულად შემაწუხებელი, დისკომფორტი და მათი აზროვნების კონცენტრაცია ამ დროს შეიძლება, გაიფანტოს.
პირბადის გამოყენება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში ყველგან, მათ შორის აბიტურიენტიც უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტირებისას. მხედველობაში მაქვს, როცა აქვთ ერთმანეთთან კონტაქტი, საუბრობენ, აუცილებელია, აბიტურიენტებს და ყველა იქ დამსწრე ადამიანს ჰქონდეს პირბადე.
მაგიდები არის უფრო მეჩხერად, წელს განახევრებულია, მაგიდებს შორის მარცხნივ და მარჯვნივ არის მინიმუმ ორი მეტრი დისტანცია, წინ და უკან დაახლოებით, ერთი მეტრი, არის ე.წ. დეზობარიერი. ანუ, სრულად დაცულია წინ და უკან, ასევე გვერდზე მჯდომი ადამიანი.
მაგიდასთან დაჯდომის დროს, ვუშვებთ, რომ აბიტურიენტს თუ არ უნდა პირბადის ტარება, მოიხსნას წერისას, მაგრამ თუ გარკვეული საკითხის გასარკვევად ზედამხედველს დაუძახებს, აუცილებელია, ესაუბროს მას პირბადით. თუ უნდა ტუალეტში გასვლა, აუცილებელია, გავიდეს პირბადით. როცა დაამთავრებს, ნაწერის ჩასაბარებლად აუცილებელია, იყოს პირბადით. ანუ, მხოლოდ მაგიდასთან მუშაობის პროცესში, თუ აწუხებს პირბადე, რეკომენდირებულია, მოიხსნას, ამისთვის მას არავინ დასჯის“, – განაცხადა გამყრელიძემ.