საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა პროექტი, რომელიც სესხის გამცემ ორგანიზაციებს ახალ რეგულაციებს უწესებს.
რეგულაციები გავრცელდება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტზე, რომლის მიმართ ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება.
პროექტის მიხედვით, დაუშვებელია, რომ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ სესხი მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გასცეს. გადამხდელუნარიანობის ანალიზი გულისხმობს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების დეტალურ ანალიზს. მსესხებლის/თანამსესხებლის გადამხდელუნარიანობის შეფასებისას უნდა გაანალიზდეს ყველა ის დამატებითი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს მათი ვალდებულებების მომსახურებაზე. სესხის გამცემმა ორგანიზაციამ მის ხელთ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მაქსიმალურად ობიექტურად უნდა შეაფასოს იმ პირთა წრე, ვისთან ერთადაც მსესხებელი/თანამსესხებელი იზიარებს შემოსავლებს და ვალდებულებებს.
კანონპროექტში ჩამოთვლილია ის დოკუმენტაცია, რომელიც აუცილებელი იქნება გადახდისუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის – სახელფასო ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, ცნობა შემოსავლების სამსახურიდან და სხვა მსგავსი სანდოობის მქონე დოკუმენტაცია.
ამასთანავე, დაუშვებელია ისეთი სესხის/კრედიტის გაცემა, როდესაც მსესხებელი/თანამსესხებელი იხდის მხოლოდ დარიცხულ პროცენტს, ხოლო ძირს ან ძირის მნიშვნელოვან ნაწილს – ვადის ბოლოს. ძირის გადახდა სასურველია ხდებოდეს მსესხებლის/თანამსესხებლის შემოსავლებზე მორგებული გონივრულად შედგენილი გრაფიკის მიხედვით. შეზღუდვა არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როდესაც საშეღავათო პერიოდი არ აღემატება ექვს თვეს იპოთეკური სესხის შემთხვევაში, ხოლო სამ თვეს სხვა ტიპის კრედიტების შემთხვევაში, სესხის მოქმედების განმავლობაში.
თუკი სესხის/კრედიტის დაფარვის ვადა აჭარბებს მსესხებლის/თანამსესხებლის პენსიაზე გასვლის პერიოდს, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ დამატებით დოკუმენტურად უნდა დაადასტუროს ის შემოსავლები, რითიც მოხდება საპენსიო ასაკის მიღწევის შემდგომ მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ სესხის მომსახურება. სახელმწიფო პენსიიდან მისაღები შემოსავალი არ შეიძლება გათვალისწინებული იქნას სესხის/კრედიტის დაფარვის წყაროდ.
ამ დებულების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, თუ მსესხებლის ჯამური ვალდებულებები, სესხის გამცემი ორგანიზაციების მიმართ (საკრედიტო-საინფორმაციო ბაზაში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე), არ აღემატება 300 ლარს და ამასთან, მსესხებელს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში არ აქვს “არის ნეგატიური“ სტატუსი. „არის ნეგატიური“ ეს სტატუსი ენიჭება პირს იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება ფიქსირდება.
საფინანსო ინსტიტუტებსა და დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა, რომ პროექტის შესახებ საკუთარი მოსაზრებები ეროვნულ ბანკში სექტემბრამდე გააგზავნონ. ხოლო ახალი რეგულაციები საფინანსო ინსტიტუტებისთვის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.