რა საკითხები განიხილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე - პირველი არხის კითხვებს დავით ზალკალიანი პასუხობს 
რა საკითხები განიხილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე - პირველი არხის კითხვებს დავით ზალკალიანი პასუხობს 

16 მარტს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ასოცირების საბჭოს სხდომაზე რა საკითხებზე გამახვილდა ყურადღება, ამის შესახებ საქართველოს პირველი არხი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს ესაუბრა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ასოცირების საბჭო არის ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის უმაღლესი ფორმატი, სადაც პრემიერ-მინისტრის დონეზე განიხილება ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესი.

„ამ თვალსაზრისით ჩვენ მართლაც მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვაქვს. საქართველო აღიარებულია როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა, როგორიც პოლიტიკური განზომილების, ასევე უსაფრთხოების, მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ეკონომიკის კუთხით. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სათქმელი იმ პროგრესის შესახებ, რომელიც უკვე ყველა ძირითადი მიმართულებით არსებობს, მაგრამ აუცილებელია, რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური გარემოს ფონზე შეფასდეს, როგორ უნდა ვუპასუხოთ გამოწვევებს. ამიტომ არის აუცილებელია, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ევროკავშირთან დაიგეგმოს ერთობლივი, კოორდინირებული მოქმედების გეგმა, ვიფიქროთ პერსპექტივებზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყველა ამ მიმართულებით. რაც შეეხება თავისუფალ ვაჭრობას, სექტორული თანამშრომლობის კუთხით მართლაც მნიშვნელოვანი შედეგებია, მაგრამ კიდევ მეტისთვის უნდა ვისწრაფოდეთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსახილველი თემა ეკონომიკური განზომილება იქნება, მათ შორის შავი ზღვის გეოგრაფიული არეალის უფრო ეფექტიანად გამოყენება.

მინისტრის განმარტებით, რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალობაა შექმნილი და აუცილებელია, საქართველომ და ევროკავშირმა უფრო ეფექტიანად გამოიყენონ შავი ზღვის არეალი.

„მნიშვნელოვანია, შავი ზღვის საშუალებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება, მათ შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი და წყალქვეშა საკაბელო დამაკავშირებელი ხაზების განვითარება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად გამოყენება, რადგანაც, სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია ევროკავშირთან სახმელეთო საზღვარი, საზღვაო კავშირი და შავი ზღვა არის ერთადერთი ყველაზე ახლო დამაკავშირებელი გეოგრაფიული არეალი. გარდა ამისა, უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, უკანონო ქმედებები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში, იქნება კიდევ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. მათ შორის, ჰიბრიდულ ომთან დაკავშირებული ქმედებები, რაც ბოლო პერიოდში გამოიხატა იგივე ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმის სახით; აგრეთვე რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არის აშკარა დეზინფორმაციული კამპანიის კონკრეტული მაგალითი, რომელსაც ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე საუბარი იქნება შიდა პოლიტიკურ თემებზეც.

„ეს ფორმატი არ არის განსაზღვრული შიდა პოლიტიკის თემებზე საუბრისთვის, მაგრამ ბუნებრივია, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განხილვის თემა იქნება. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ასეთ მაღალ დონეზე გამოხატავს ინტერესს, უმაღლესი თანამდებობის პირი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პირადად არის ჩართული მედიაციის პროცესში. ეს მიანიშნებს, რამდენად მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას ევროკავშირისთვის საქართველო. ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სპეციალური წარმომადგენელი მოავლინა და უკვე უახლოეს დღეებში მისი ჩართულობით გაიმართება დიალოგი, უკვე პოზიტიურია. კარგი იქნება, თუ დარჩენილ დღეებში წინსვლა იქნება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის დაწყებულ დიალოგში. რა თქმა უნდა, საკითხი კომპლექსურია. ხელისუფლებამ ნება უკვე გამოამჟღავნა იმით, რომ მყისიერად დათანხმდა პრემიერ-მინისტრი დიალოგს. არის კონკრეტული შეთავაზებებიც, სად შეიძლება კონსენსუსი მიღწევა, იმავე საარჩევნო რეფორმასთან, საგამოძიებო კომისიის შექმნის კუთხით. მათი მხრიდან ნების გამოვლინების, პოლიტიკური ამბიციების გვერდზე გადადების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ჩვენ წინ წავიწიოთ. ეს იქნება კარგი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკური პარტიები საკუთარ ამბიციებს გვერდზე გადადებენ და ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებენ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საქართველო ღიაა რეკომენდაციების მისაღებად, არა მხოლოდ მოსასმენად, არამედ გასათვალისწინებლადაც.

„ჩვენ უკვე საქმით დავამტკიცეთ, თუნდაც ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რომელიც ასევე ჩვენი დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, საარჩევნო რეფორმას ვგულისხმობ“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საარჩევნო რეფორმაც დემოკრატიზაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია, საქართველომ ეს არამხოლოდ გაითვალისწინა, არამედ რეალობად აქცია.

„იცით, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე დევს კანონპროექტი, სადაც გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია, რაც კი გვქონდა ჩვენი ევროპელი პარტნიორების, მათ შორის ეუთო/ოდირის მხრიდან. ეს ისეთი რამ არის, რომელიც საოცნებო იყო ოპოზიციისთვის, რომელიც ვერ განხორციელდა ვერც ერთი წინა ხელისუფლების პირობებში, უპრეცედენტო ნაბიჯებზე წავიდა ხელისუფლება, მაგრამ ამას სჭირდება არამხოლოდ ხელისუფლების ჩართულობა, არამედ მათი ჩართულობაც. ეს პროცესი ვერ მივა ბოლომდე თუ არ იქნა ოპოზიცია პარლამენტში, ამიტომ ამას სჭირდება მათი ხმებიც რომ იქნას მიღებული. აქ არის ყველა პოლიტიკური აქტორის პასუხისმგებლობის საკითხი, არამხოლოდ ხელისუფლების. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ვითვალისწინებთ, რაც მოდის საერთაშორისო პარტნიორებიდან და ეს არის ერთი კონკრეტული მაგრამ ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ ღიაობას და მზაობას ავლენს ხელისუფლება. ეს ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ 2024 წელს შევძლოთ, გავაკეთოთ ის ამბიციური განაცხადი, რაც დაკავშირებულია ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს სრულ კონსენსუსს, შიდა პოლიტიკურ კონსენსუსს, რადგანაც ცალკე აღებული ხელისუფლება, ამას ვერ განახორციელებს თუ არ იქნა თანხმობა ყველა აქტორის, ვინც ჩართულია შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. აქ გასათვალისწინებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც, იცით თქვენ, რომ ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაში ჩართული გვყავს სამოქალაქო საზოგადოებაც და მუდმივად კომუნიკაციის, კონსულტაციების რეჟიმში ვართ, იგივე ასოცირების დღის წესრიგი მათ გავუზიარეთ და მათი რეკომენდაციების გაზიარებაც ხდება. ამ პროცესისთვის ხელისუფლება არის მზად და საქმითაც გვაქვს ეს დადასტურებული“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.