მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში – ავთანდილ ხურციძე, ივნისში, ნაფიცი მსაჯულების გამამტყუნებელი ვერდიქტის შემდეგ, ბრუკლინის ციხეში სასჯელს ორ თვეზე მეტ ხანს ელოდებოდა. მოსამართლის გადაწყვეტილება 21 სექტემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა ციხეში მომხდარმა ინციდენტმა სასჯელის გამოცხადება დააჩქარა.
მანჰეტენის სასამართლოში სხდომა 7 სექტემბერს, 10:00 საათზე დაიწყო. პროცესს ესწრებოდა ავთანდილ ხურციძეც. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, სიტყვით გამოვიდნენ მისი ადვოკატები – მეგან ბენეტი და კენ ვომბლე. მათ ხურციძისთვის მინიმალური სასჯელი და საქართველოში დეპორტაცია მოითხოვეს.
„დეპორტაცია კარგი არ არის, თუმცა ჩემი კლიენტი აცნობიერებს, რომ ეს საუკეთესო გამოსავალია. მას ჰყავს ოჯახი, ნათესავები, საკუთარი თანამემამულეები, რომლებსაც სურს დაუბრუნდეს. ავთანდილ ხურციძე უფრო კარგი ადამიანია, ვიდრე ცუდი და როცა საქართველოში ჩავა, მას ეყოლება გვერდით ოჯახი, მისი გულშემატკივარი საზოგადოება და არა ისეთი, როგორიც ბრაიტონზე ჰყავდა და რის გამოც ის ნიუ იორკში კრიმინალურ საქმეებში გაება. მას სურს დაუბრუნდეს სპორტს. შეიძლება მისი პროფესიული კარიერა დასრულდა, თუმცა აცნობიერებს, რომ მხოლოდ სპორტში და საკუთარ ოჯახში დაბრუნებით გამოისყიდის საკუთარ შეცდომებს. მას არ სურს რაიმე კავშირი კიდევ ჰქონდეს კრიმინალურ სამყაროსთან. სურს მშობლებთან და ოჯახის წევრებთან დაბრუნება, სადაც სხვა არჩევანი არ ექნება გარდა ნორმალური ცხოვრებისა. მას აქვს ისტორია, რომელსაც უნდა დაუბრუნდეს და მომავალი, რომლითაც სურს, გამოისყიდოს საკუთარი ქმედებები“ – განაცხადა ავთანდილ ხურციძის ადვოკატმა კენ ვომბლემ.
დაცვის მხარის საპასუხოდ ბრალმდებელმა აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ხურციძის მიერ ჩადენილი დანაშაულები ყველა ქვეყანაში დასჯადია, ამიტომ მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.
„ის კარგად დატრენინგებული მებრძოლია, რომელიც დამნაშავედ იქცა. ბატონი ხურციძე იყო ცნობილი და პოპულარული მოკრივე, რომელმაც თავისი ცხოვრება დაუკავშირა კრიმინალურ დაჯგუფებას. ის რუსული დაჯგუფების ლიდერის – რაჟდენ შულაიას სამსახურში ჩადგა და მისი დავალებით ჩაიდინა არაერთი დანაშაული, დაარღვია კანონები, რომელიც ყველა ქვეყანაში დასჯადია“ – განაცხადა პროკურორმა.
მოსამართლემ საბოლოო სიტყვის თქმის უფლება თავად ავთანდილ ხურციძესაც მისცა. ის დამცველისა და ბრალმდებლის გამოსვლებს ყურსასმენებით, თარჯიმნის ხმით ისმენდა. როცა მოსამართლის შეთავაზება მოისმინა, სურდა თუ არა რაიმეს თქმა, უარი განაცხადა. „არა, არაფერი“ – თქვა ხურციძემ, ამიტომ მოსამართლე ქეთრინ ფორესთმა გადაწყვეტილების გამოცხადება დაიწყო.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა განმარტებები, რამ განაპირობა სასჯელის ზომა.
„მე ვუყურებ, რამდენად სერიოზულია დანაშაული და ვუსადაგებ კანონს, რომ ადეკვატური იყოს. ვითვალისწინებ იმას, რამდენად დაიცავს საზოგადოებას დამნაშავისგან ჩემ მიერ დადგენილი სასჯელი“ – თქვა ქეთრინ ფორესთმა და საუბარი ხურციძის მისამართით განაგრძო.
„ბატონო ხურციძე, თქვენ იყავით შულაიას დაჯგუფების სრულყოფილი წევრი. ეს იყო მულტიკრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც არალეგალურ საქმიანობას ეწეოდა, მათ შორის იყო ქურდობა, დაშინება, გამოძალვა, არალეგალური აზარტული თამაშები. ეს ყველაფერი ხდებოდა ძალადობის გამოყენებით, რომ დაჯგუფებას შეენარჩუნებინა ძალაუფლება. შენ იყავი დაჯგუფების ლიდერის – შულაიას შემსრულებელი. ის გაძლევდა დავალებებს და შენ ასრულებდი, გვერდით ედექი და ეხმარებოდი „პრესტიჟის“ შენარჩუნებაში. შენ იყავი მისი ფულის ამომღები“.
მოსამართლემ ახსენა ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროს, ივნისში, სასამართლო პროცესებზე იყო წარმოდგენილი და რომელზე დაყრდნობითაც ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს. ქეთრინ ფორესთმა ასევე წაიკითხა ხურციძე-შულაიას საუბრის ჩანაწერიდან ნაწყვეტი, სადაც ჩანს ხურციძის ერთგულება შულაიას მიმართ და საუბრის ძალადობრივი ხასიათი. მოსამართლეს შინაარსის წაკითხვის დროს უცენზურო სიტყვების ამოკითხვა მოუხდა, რისთვისაც ბოდიში მოიხადა. ჩანაწერში ხურციძე და შულაია საუბრობენ ქალზე, რომლითაც შულაია უკმაყოფილოა და ამიტომ მასთან ერთად ხურციძეც გინებასა და სექსუალური ძალადობის შემცველ ფრაზებს იყენებს. ქეთრინ ფორესთმა ისევ ხურციძეს მიმართა.
„მჯერა, რომ შენს ოჯახთან კარგი ადამიანი იქნები, რადგან გიყვარს ისინი, მაგრამ სხვებისთვის ასე არ არის და ეს აჩვენა მტკიცებულებებმა. შენ, ალბათ, ძალიან ცნობილი სახე ხარ საქართველოში, როგორც პროფესიონალი მოკრივე, საკუთარი საქმისთვის თავდადებული, თუმცა ნიუ იორკში შენ სხვა ადამიანი ხარ. აქ კრიმინალი ჩაიდინე. ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ადამიანმა საპირისპირო ცხოვრება დაიწყოს. შენ მოკრივის ძალა და უნარები კრიმინალურ საქმიანობაში გამოიყენე. „უნიკალური“ როლი შეასრულე ამ დაჯგუფებაში, ამიტომ ჩემი სასჯელიც შემთხვევითი რიცხვი არ იქნება. თქვენს ბრალდებებზე მაქსიმალური სასჯელი იცით, რომ 20 წელია და ისიც იცით, რომ შეწყალება ასეთ დანაშაულზე არ ხდება, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ სასჯელის მოხდა ციხეში მოგიწევთ. ჩემი გადაწყვეტილება ასევე გახდება მესიჯი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იქნება ტოლერანტული რუსული კრიმინალური ჯგუფების მიმართ“.
ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლემ საკუთარი გადაწყვეტილება გამოაცხადა. ავთანდილ ხურციძეს მან 120 თვე, ანუ 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის გარდა, გათავისუფლების შემდეგ, ხურციძეს კიდევ 2 წელი, სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ მოუწევს ყოფნა. მოსამართლემ მსჯავრდებულს საკუთარი საბანკო ანგარიშიდან, რომელიც გაყინული იყო და 60 ათასი დოლარი ირიცხება, ჯარიმის სახით 15%-ის გადახდაც დააკისრა.
გადაწყვეტილებას ხურციძე ემოციის გარეშე შეხვდა. სასამართლო სხდომის საკმაოდ დიდ დარბაზში, უკან მჯდომმა ხურციძის მეგობარმა ქართულად შეიგინა და უკმაყოფილება ადგილზე ჩალაპარაკებით გამოხატა. როცა მოსამართლემ სხდომა დახურულად გამოაცხადა, ავთანდილ ხურციძე სკამიდან ადგა. მან დარბაზისკენ გამოიხედა და მხოლოდ ერთი ფრაზა თქვა „მივდივარ ციხეში“. მეგობრებს შეხედა, ორი ადამიანი ფეხზე წამოდგა, ერთ-ერთმა კი უკვე რუსულად ხმამაღლა გასძახა, რომ „საქართველო მისით ამაყობს“.
სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი არავის გაუკეთებია. პროკურატურამ მხოლოდ ოფიციალური პრესრელიზი გაავრცელა. ადვოკატები კომენტარის გაკეთებას მედიას დღის ბოლოსთვის დაჰპირდნენ, თუმცა ელექტრონულ მიმოწერაში, დროის უქონლობის მიზეზით, შეთანხმება ორშაბათამდე გადადეს. ავთანდილ ხურციძის დამცველებს გასაჩივრებისთვის 14-დღიანი ვადა აქვთ.