თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციაზე შეკრებილები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის გადადგომას ითხოვდნენ, რომლებმაც მურუსიძის უვადოდ დანიშვნას დაუჭირეს მხარი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას მისცეს ხმა.
ლევან მურუსიძეს, ირაკლი კობახიძეს და შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს აქციის მონაწილეები შეძახილებით დახვდნენ.
მურუსიძეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მოსთხოვეს, პასუხი გაეცა სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, რაზეც მურუსიძემ უპასუხა, რომ გირგვლიანის მკვლელები ციხეში შვიდი წლით მან ჩასვა.