რა ხდება დიდ ბრიტანეთში ბრექსიტამდე ცხრა კვირით ადრე - ამბები მოკლედ
რა ხდება დიდ ბრიტანეთში ბრექსიტამდე ცხრა კვირით ადრე - ამბები მოკლედ

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამდე ცხრა კვირა რჩება. ქვეყანამ ევროგაერთიანება 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს. თუმცა მანამდე დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია. როგორც ექსპერტები ამბობენ, სულ უფრო რეალური ხდება, რომ ქვეყანამ ევროგაერთიანება შეთანხმების გარეშე დატოვოს.

როგორც იცით, გუშინ, დედოფალი ელისაბედ მეორე დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მოთხოვნას, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტამდე რამდენიმე კვირით ადრე მუშაობა დროებით შეაჩეროს.

BBC ამ თემას ვრცელ სტატიას უძღვნის და დეტალურად განმარტავს, რა ხდება ქვეყნის პოლიტიკაში, რას ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მუშაობის დროებით შეჩერება და სად შეიძლება მიიყვანოს დიდი ბრიტანეთი პროცესების ამ სცენარით განვითარებამ.

ვიდრე მოვლენების ქრონოლოგიას დეტალურად გავყვებით და მოკლედ მოგითხრობთ, რა ხდება დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში, იქამდე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რას ნიშნავს ბრექსიტი და რატომ ვერ შედგა ის აქამდე.

 

რა არის ბრექსიტი?

ბრექსიტი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესია, რომელიც 2016 წლის 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ დაიწყო.

რეფერენდუმის კითხვა იყო, უნდა დარჩენილიყო თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ – 51.9%-მა მხარი დაუჭირა ევროგაერთიანებიდან გასვლას. რეფერენდუმის ინიციატივა მაშინდელ პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს ეკუთვნის. ის ევროპულ გაერთიანებაში დარჩენის მომხრე იყო, ამიტომ ამ რეფერენდუმის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

კემერონის შემდეგ ბრექსიტის პროცესს ახალი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი ხელმძღვანელობდა, რომელმაც დააანონსა, რომ პროცესი 2019 წლის 29 მარტს დასრულდებოდა, თუმცა ევროკავშირიდან გასვლაზე მის გეგმას ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ არ დაუჭირა მხარი და შესაბამისად, ბრექსიტის პროცესი ვერ დასრულდა.

​ტერეზა მეიმ თანამდებობა იმ მიზეზით დატოვა, რომ რეფერენდუმის დროს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის მიერ დაფიქსირებული არჩევანი, ევროკავშირიდან გასულიყვნენ, ვერ შეასრულა.

პოსტის დაკავების შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში, ტერეზა მეი ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის, ე.წ. ბრექსიტის პროცესის წარმატებით წარმართვას ცდილობდა, თუმცა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. 

 

რა ხდება დიდ ბრიტანეთში ახლა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დროებით, ხუთი კვირით შეაჩერებს მუშაობას. ეს ყველაფერი ხდება 31 ოქტომბრამდე, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირი ოფიციალურად უნდა დატოვოს. ამ თარიღამდე კი ცხრა კვირაა დარჩენილი.

პრემიერ-მინისტრის სურვილია, ახალი საპარლამენტო სესია 14 ოქტომბერს ახალი პროგრამით დაიწყონ. როგორც BBC-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ბრექსიტამდე რამდენიმე კვირით  ადრე, საეჭვოა, რომ პარლამენტმა შეძლოს, თავიდან აირიდოს ევროკავშირის დატოვება შეთანხმების გარეშე. უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ იმის რისკი, რომ ქვეყანამ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვოს, ძალიან მაღალია.

 

რას ნიშნავს პარლამენტის მუშაობის დროებით შეჩერება

როგორც წესი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შემოდგომაზე რამდენიმე კვირით მუშაობას აჩერებს ხოლმე, თუმცა ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბორის ჯონსონმა პარლამენტის საქმიანობის შეჩერება ქვეყნისთვის ძალიან კრიტიკულ პერიოდში მოინდომა. საკანონმდებლო ორგანო მუშაობას14 ოქტომბერს განაახლებს. ექსპერტების ვარაუდით, 31 ოქტომბრამდე პარლამენტი ვერ მოასწრებს, განიხილოს და დაამტკიცოს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, დიდი ბრიტანეთი ევროგაერთიანებას შეთანხმების გარეშე დატოვებს.

დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი თავდაპირველი გეგმის მიხედვით, 29 მარტს უნდა დაეტოვებინა. თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმება სამჯერ ჩააგდო, დედლაინმა გადაიწია და 31 ოქტომბრით განისაზღვრა.

ბორის ჯონსონმა, რომელიც ბრექსიტის მხარდამჭერი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, პირობა დადო, რომ ქვეყანა ევროგაერთიანებას ყველა შემთხვევაში დატოვებს – შეთანხმებით ან მის გარეშე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა და მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრების დიდი ნაწილი მომხრე არ არის, რომ ევროკავშირი შეთანხმების გარეშე დატოვონ. ისინი შიშობენ, რომ ეს ქვეყნის ეკონომიკას დააზარალებს, გამოიწვევს სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების მატებას. 

 

პარლამენტის მუშაობის შეჩერება ლეგალურია?

დიახ! როგორც წესი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მუშაობას დროებით აჩერებს პირველი სესიის დასრულების შემდეგ და მომდევნო სესიის დაწყებამდე პერიოდში. რეალურად, ბორის ჯონსონის მოთხოვნა უკანონო არ არის და ამასთან, გამოდის, რომ პრემიერ-მინისტრმა პირველი ხისტი ნაბიჯი გადადგა თავისი დანაპირების შესასრულებლად, რომ დიდმა ბრიტანეთმა დატოვოს ევროკავშირი. პარლამენტს ძალიან ცოტა დრო რჩება ამ საკითხზე მსჯელობისთვის და იმის ალბათობა, რომ ქვეყანამ ევროგაერთიანება შეთანხმების გარეშე დატოვოს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან მაღალია.

 

დედოფლის როლი ამ პროცესებში

მთავრობა, როგორც წესი, ვალდებულია, დედოფალს მიმართოს პარლამენტის მუშაობის შეჩერების მოთხოვნით. იმის გათვალისწინებით, რომ დედოფალი პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, ეს მიმართვაც მხოლოდ ფორმალობაა. თუ დედოფალი ამ მოთხოვნაზე უარს იტყოდა, ეს იქნებოდა უპრეცედენტო შემთხვევა. თუმცა როგორც ნახეთ, დედოფალი დაეთანხმა მთავრობას.

 

რა იქნება ახლა

პარლამენტი მუშაობას იწყებს 3 სექტემბერს, მაგრამ შემდეგ მალევე, დროებით აჩერებს მუშაობას. თუ ბორის ჯონსონი თავის გეგმას გაყვება, პარლამენტი მუშაობას განაახლებს 14 ოქტომბერს.

თუ მუშაობის შეჩერებამდე, პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, შესაძლოა, ქვეყანაში არჩევნები დაინიშნოს.

 

არჩევნების შემთხვევაში, ბრექსიტი ისევ მოხდება?

თუ კონსერვატიული პარტია გაიმარჯვებს, მაშინ ბრექსიტი ისევ იქნება. გამოკითხვების თანახმად კი, მათ მხარს უჭერს მოსახლეობის  31%, ხოლო ლეიბორისტულ პარტიას 21%.

გამოკითხვის შედეგების მიუხედავად, BBC-ის ანალიტიკოსები წერენ, რომ სავარაუდო არჩევნების შედეგების პროგნოზირება და ის, თუ ვინ მიიღებს უმრავლესობას პარლამენტში, ძალიან რთულია. მაგალითად მოჰყავთ 2017 წელს, ტერეზა მეის მიერ არჩევნების დანიშვნა, რომლის შედეგადაც მმართველმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაში და შეძლებს თუ არა პარლამენტი, თავიდან აიცილოს ევროგაერთიანების დატოვება შეთანხმების გარეშე.