რა დოკუმენტებია საჭირო და რა მოწმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ინსპექტირების დროს
საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ეტაპობრივად, 2019 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ინსპექტირების ჩასატარებლად სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია წარადგინოს:
ა) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
ინსპექტირების დროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მოწმდება: სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.
„აღსანიშნავია, რომ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე დამოუკიდებლად ირჩევს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. მას ასევე შესაძლებლობა ექნება, ვებგვერდის (www.pti.ge) საშუალებით მისთვის ნებისმიერ ხელმისაწვდომ ინსპექტირების ცენტრში ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად დაგეგმოს ვიზიტი მისთვის სასურველი თარიღისა და დროის გათვალისწინებით, ან მსგავსი მომსახურება მიიღოს ცხელი ხაზის (1484) საშუალებით, ასევე მიიღოს დეტალური ინფორმაცია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოში სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. პირველი ივლისიდან დაიწყო რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტექნიკური ინსპექტირებას ითვალისწინებს.
სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სხვა სამთავრობო უწყებებთან და შვეიცარIულ საკონსულტაციო კომპანია SGS – Societe Generale de Surveillance SA-სთან ერთად ახორციელებს. რეფორმა ითვალისწინებს საქართველოს ავტოპარკის ტექნიკური გამართულობის – გამონაბოლქვის, სამუხრუჭო სისტემის, საჭის მექანიზმის, სავალი ნაწილის და საბურავების პარამეტრების კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას, ავტომობილის არსებული პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს მის ქარხნულ პარამეტრებს.
ინსპექტირების გავლას საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება. აღნიშნული რეფორმა ასევე მომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან, რომლის შესაბამისადაც განისაზღვრა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთიანი ორგანიზაციულ-ტექნიკური და ნორმატიული ბაზა.
ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებისთვის დაწესდა გარკვეული გარდამავალი პერიოდი და ინსპექტირების მთელი პროცესი ორ წელზე გადანაწილდა.
„რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, რომელი კატეგორიის მანქანები, რა ვადაში გაივლიან ინსპექტირებას და რა მოეთხოვებათ მათ, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაწერილია ტექნიკურ რეგლამენტში, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა. გრაფიკი გაწერილია ავტომანქანების რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვის) მიხედვით, რაც, პირველ რიგში, შესაბამისი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მისცემს საკმარის ვადას, მოემზადონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისთვის და ასევე თავიდან აგვაცილებს რიგების წარმოქმნის რისკებს“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
მთავრობის დადგენილების შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასური, მსუბუქი ავტომობილებისთვის – 60 ლარი, ხოლო სატვირთო და სამგზავრო ავტომობილებისთვის – 100 ლარია. ამავე დროს, ჯარიმის ოდენობა ინსპექტირების გავლის გარეშე ავტომობილის მართვისთვის ფიზიკური პირისთვის 50 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 200 ლარამდე განისაზღვრა.