ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც „გირგვლიანის შესწორებების“ სახელწოდებით არის წარდგენილი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემაზე, ასევე უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობასა და დანაშაულის დაფარვაზე.
ცვლილებებით კონკრეტდება, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა, ან დავალების მიცემა დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის, ან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაზიანების, ან განადგურების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან – რვა წლამდე.
თუ ზემოთ აღნიშნულ ქმედებას დიდი ოდენობით ქონების გამოძალვა, ან დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაზიანება, ან განადგურება მოჰყვა, ეს ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ცხრა წლამდე.
პროექტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. ამასთან, ქმედება, რომელსაც მოჰყვება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა თავისუფლების უკანონო აღკვეთის, მძევლად ხელში ჩაგდების ან ყაჩაღობის გზით დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.
იმ შემთხვევაში, როცა აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება, ან ყაჩაღობის გზით დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება, პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან თხუთმეტ წლამდე.
ამას გარდა, ინიციატივით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან თექვსმეტ წლამდე. თუ ამ ქმედებას მოჰყვება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ეს დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ჩვიდმეტ წლამდე.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უკანონო ბრძანების გაცემა ან დავალების მიცემა წამების, მკვლელობის ან გაუპატიურების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე. თუ აღნიშნულ ქმედებას მოჰყვა წამება, მკვლელობა ან გაუპატიურება, ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ამ მუხლთან მიმართებით კონკრეტდება, რომ დიდ ოდენობად ნივთის ღირებულება – 10 000 ლარის ზევით ითვლება.
აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ ყველა ქმედებაზე სანქციად გათვალისწინებულია ასევე თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა ვადით სამ წლამდე. რაც შეეხება სხვა საკანონმდებლო რეგულაციებს, პროექტით, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილებით ან მდგომარეობით ბოროტად სარგებლობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ უკანონო შეთავაზებაში, რათა ამ უკანასკნელმა დაიბრალოს, დაფაროს ან არ შეატყობინოს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედებას მოჰყვა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა ან შეუტყობინებლობა, ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
ამასთანავე, პროექტით კონკრეტდება, რომ თუ იგივე ქმედება ჩადენილია: სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება ჩადენილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. ამასთან, თუ ზემოთ აღნიშნული ქმედებები ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დანაშაულის დაფარვაზე. კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ასევე წინასწარ შეუპირებლად დაფარვა, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
იმ შემთხვევაში, როცა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ მოხდება, ეს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით დაწესებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დანაშაულის შეუტყობინებლობაზეც. კერძოდ, პროექტით, დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ან დანაშაული, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
„ქართული ოცნება“ აღნიშნულ კანონპროექტს დღეს დაარეგისტრირებს, მისი ინიცირება კი რამდენიმე კვირის შემდეგ ბიუროს სხდომაზე მოხდება.