რა არის ვაქცინაცია?
ვაქცინაცია მარტივი, უსაფრთხო და ეფექტიანი გზაა სახიფათო დაავადებებისგან ადამიანის დასაცავად, იქამდე, ვიდრე მას ეს დაავადება შეხვდება. სპეციფიკური ინფექციებისადმი გამძლეობის წარმოსაქმნელად და თქვენი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, ვაქცინა თქვენი სხეულის ბუნებრივი თავდაცვის სისტემას იყენებს.
ვაქცინა თქვენს იმუნურ სისტემას ანტისხეულების წარმოქმნას ასწავლის, ზუსტად ისე, როგორც ის ამას მაშინ აკეთებს, როდესაც დაავადებას ებრძვის. თუმცა, იმის გამო, რომ ვაქცინები ვირუსების ან ბაქტერიების მხოლოდ მოკლულ ან შესუსტებულ ფორმებს შეიცავს, არ იწვევენ დაავადებას და არც რაიმე გართულებების რისკის წინაშე გაყენებთ.
ვაქცინათა უმეტესობა ინექციის სახით კეთდება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ორალურად (პირში) ან ცხვირში შესხურების გზით მიიღება.
რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი?
ვაქცინაცია დაავადებათა პრევენციისა და სიცოცხლის გადარჩენის უსაფრთხო და ეფექტიანი გზაა — ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. დღეისათვის არსებობს სულ მცირე 20 დაავადებისგან დამცავი ვაქცინა, მათ შორის არის ისეთი დაავადებები, როგორიც არის დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, გრიპი და წითელა. საერთო ჯამში, ეს ვაქცინები წელიწადში 3 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.
როდესაც ვიცრებით, ჩვენ ამით არა მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავთ, არამედ სხვებსაც, ჩვენ გარშემო. ზოგ ადამიანს, მაგალითად, მათ, ვისაც რაიმე სერიოზული დაავადება აქვს, სპეციალისტები ურჩევენ, რომ არ გაიკეთონ გარკვეული ვაქცინები; შესაბამისად, ისინი დამოკიდებული არიან ჩვენზე, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია და ამით შევამციროთ დაავადების გავრცელება.
COVID-19-ის პანდემიის დროს, ვაქცინაციის გაგრძელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პანდემიამ შეამცირა რუტინულად ვაქცინირებული ბავშვების რიცხვი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავადმყოფობისა და სხვადასხვა პრევენცირებად დაავადებებით სიკვდილიანობის ზრდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიუხედავად COVID-19-ის მიერ წარმოქმნილი გამოწვევებისა, უზრუნველყონ არსებითი იმუნიზაციისა და ჯანდაცვის სერვისების გაგრძელება.
როგორ მუშაობს ვაქცინა?
დაავადების შეხვედრის რისკს ვაქცინა შემდეგნაირად ამცირებს — ის თქვენი სხეულის ბუნებრივ თავდაცვით მექანიზმთან მუშაობით უზრუნველყოფს დაცვას დაავადებისგან. როდესაც ვაქცინას იღებთ, თქვენი იმუნური სისტემა მას ეპასუხება. ამ დროს, იმუნურის სისტემა:
- ამოიცნობს სხეულში შეჭრილ მიკრობს, მაგალითად, ვირუსს ან ბაქტერიას.
- წარმოქმნის ანტისხეულებს. ანტისხეულები არის ცილები, რომლებსაც იმუნური სისტემა ბუნებრივად წარმოქმნის დაავადებასთან საბრძოლველად.
- იმახსოვრებს დაავადებას და მასთან ბრძოლის მეთოდს. თუ მომავალში ამ მიკრობს კვლავ გადააწყდებით, თქვენს იმუნური სისტემას შეუძლია ის სწრაფად გაანადგუროს, იქამდე, ვიდრე ეს მიკრობი თქვენს ავადმყოფობას გამოიწვევს.
გამომდინარე აქედან, ვაქცინა უსაფრთხო და ჭკვიანური გზაა დაავადების გამოწვევის გარეშე სხეულში იმუნური პასუხის წარმოსაქმნელად.
ჩვენი იმუნური სისტემა შექმნილია დამახსოვრების მიზნით. მას შემდეგ, რაც ვაქცინის ერთ ან მეტ დოზას მივიღებთ, დაავადებისგან დაცული ვრჩებით წლობით, ათწლეულობით ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სწორედ ამიტომ არის ვაქცინები ასე ძლიერ ეფექტიანი. უკვე შეხვედრილი დაავადების მკურნალობის ნაცვლად, ვაქცინები პირველ რიგში ასეთი დაავადებებისგან საერთოდ შეხვედრისგან გვიცავს.
როგორ იცავს ვაქცინა ინდივიდებსა და საზოგადოებებს?
ვაქცინის მუშაობის მთავარი მექანიზმია ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვის — იმუნური სისტემის — გაწვრთნა და მომზადება, რათა ვირუსი და ბაქტერია ამოიცნოს და შეებრძოლოს. თუ ამის შემდეგ ორგანიზმში მართლაც მოხვდება დაავადების გამომწვევი ეს პათოგენები, ის მზად იქნება, რომ ისინი სწრაფად გაანადგუროს; სწორედ ეს გვიცავს დაავადებისგან.
როდესაც ადამიანი დაავადების წინააღმდეგ იცრება, მცირდება მისი ინფიცირების რისკიც და შესაბამისად, უფრო ნაკლები ხდება იმის ალბათობა, რომ ვირუსი ან ბაქტერია მან სხვებს გადასდოს. რაც უფრო მეტი ადამიანია საზოგადოებაში ვაქცინირებული, უფრო ნაკლები ადამიანი რჩება მოწყვლადი და ინფიცირებულ ადამიანს ნაკლები შესაძლებლობა რჩება, რომ პათოგენი სხვა ადამიანს გადასდოს. საზოგადოებაში პათოგენის ცირკულირების შესაძლებლობის შემცირება ვაქცინის სამიზნე დაავადებისაგან იცავს მათაც, ვისაც ვაქცინის გაკეთება არ შეუძლია (ჯანმრთელობის მდგომარეობის, ალერგიების ან ასაკის გამო).
პოპულაციური, ე. წ. ჯოგური იმუნიტეტი არის ინფექციური დაავადებისაგან არაპირდაპირი დაცვა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც საზოგადოებაში იმუნიტეტი ვითარდება ან ვაქცინაციის, ან წინა ინფექციის შედეგად. პოპულაციური იმუნიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ თავად არიან იმუნურები არავაქცინირებული ან ისეთი ადამიანები, რომლებიც მანამდე ინფიცირებული არ ყოფილან. ამის ნაცვლად, პოპულაციური იმუნიტეტი არსებობს მაშინ, როდესაც ადამიანს, რომელიც იმუნური არ არის, მაგრამ ცხოვრობს იმუნურობის მაღალი პროპორციის მქონე საზოგადოებაში, დაავადების შეხვედრის ნაკლები რისკი აქვს ისეთ ინდივიდთან შედარებით, რომელიც იმუნურობის მცირე პროპორციის მქონე საზოგადოებაში ცხოვრობს.
მაღალი იმუნურობის მქონე საზოგადოებებში არაიმუნურ ადამიანებს დაავადების შეხვედრის იმაზე დაბალი რისკი აქვთ, ვიდრე ეს ამის გარეშე იქნებოდა; თუმცა, ამ რისკის შემცირება წარმოადგენს იმ საზოგადოების ადამიანთა იმუნურობის შედეგს, რომელშიც ისინი ცხოვრობენ (ე. ი. პოპულაციური იმუნიტეტი) და არ გახლავთ იმის შედეგი, რომ ეს ადამიანები თავად არიან იმუნურნი. მას შემდეგაც კი, რაც პოპულაციური იმუნიტეტი მიიღწევა და შეინიშნება არაიმუნიზებულ ადამიანებში დაავადების რისკის შემცირება, ეს რისკი კიდევ უფრო შემცირდება, თუ ვაქცინაცია მაინც გაგრძელდება. როდესაც ვაქცინით დაფარვის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, არაიმუნურ ადამიანებში დაავადების რისკი შეიძლება ზუსტად ისეთივე გახდეს, როგორც ნამდვილად იმუნურ ადამიანებში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მხარს უჭერს პოპულაციური იმუნიტეტის ვაქცინაციის გზით მიღწევას და არა მოსახლეობაში დაავადების „მიშვების“ გზით მიღწევას, რადგან ამ უკანასკნელს თან აუცილებლად ახლავს მრავალი ადამიანის სიკვდილი, რისი პრევენციაც ვაქცინაციით სრულიად შესაძლებელი იქნებოდა.
COVID-19-ის შემთხვევაში, უკვე გვაქვს რამდენიმე დამტკიცებული, ეფექტიანი და უსაფრთხო ვაქცინა. ბევრზე მუშაობა კი ახლა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, რა ოდენობის ადამიანის ვაქცინირება იქნება საჭირო პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად. კვლევის ეს მიმართულება მნიშვნელოვანია და სავარაუდოდ, ცვალებადი იქნება საზოგადოებების, ვაქცინებისა და ვაქცინაციისათვის პრიორიტეტული პოპულაციების მიხედვით. დამოკიდებული იქნება სხვა ფაქტორებზეც.
პოპულაციური იმუნიტეტი მნიშვნელოვანი ატრიბუტია პოლიოს, როტავირუსის, პნევმოკოკის, B ტიპის გრიპის, ყვითელი ცხელების, მენინგოკოკისა და სხვა მრავალი დაავადების საპრევენციო ვაქცინებისათვის. დიახ, ეს გახლავთ მიდგომა, რომელიც მოქმედებს მხოლოდ ვაქცინით პრევენცირებადი დაავადებების შემთხვევაში, რომლებსაც ადამიანიდან ადამიანზე გადადების ელემენტიც აქვთ. მაგალითად, ტეტანუსს იწვევს ბუნებაში არსებული ბაქტერია და არა ადამიანიდან ადამიანზე გადადება; შესაბამისად, ის, ვინც იმუნიზებული არ არის, იმ შემთხვევაშიც კი არ არის დაცული ამ დაავადებისგან, თუ საზოგადოებაში მის გარდა ყველა აცრილია.
რატომ უნდა ავიცრა?
ვაქცინების გარეშე, ვიმყოფებით სერიოზული დაავადებებისა რისკისა და ამ დაავადებათა მიერ დატოვებული დასახიჩრებების საშიშროების წინაშე; მათ შორის არის წითელა, მენინგიტი, პნევმონია, ტეტანუსი და პოლიო. მრავალი ასეთი დაავადება შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ვაქცინები წელიწადში 2-3 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენციას ახდენს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაავადება იშვიათი გახდა, მათი გამომწვევი მიკრობები მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში მაინც ცირკულირებს. დღევანდელ მსოფლიოში, ინფექციური დაავადებები ადვილად კვეთენ საზღვრებს და აინფიცირებენ ნებისმიერს, ვინც დაცული არ არის.
აცრის ორი საკვანძო მიზეზი გახლავთ ჩვენი თავისა და ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანთა დაცვა. იმის გამო, რომ აცრა ყველას არ შეუძლია, მათ შორის იმ ძალიან ჩვილ ბავშვებს, რომელთაც რაიმე სერიოზული დაავადება ან გარკვეული ალერგიები აქვთ, ისინი დამოკიდებული არიან სხვების ვაქცინირებაზე, რათა დაცულნი იყვნენ ვაქცინებით პრევენცირებადი დაავადებებისაგან.
რომელ დაავადებათა პრევენციას ახდენენ ვაქცინები?
ვაქცინები მრავალი სხვადასხვა დაავადებისაგან გვიცავს. მათ შორის არის:
- საშვილოსნოს ყელის კიბო
- ქოლერა
- დიფტერია
- B ჰეპატიტი
- გრიპი
- იაპონური ენცეფალიტი
- წითელა
- მენინგიტი
- ყბაყურა
- ყივანახველა
- პნევმონია
- პოლიო
- ცოფი
- როტავირუსი
- წითურა
- ტეტანუსი
- მუცლის ტიფი
- ჩუტყვავილა
- ყვითელი ცხელება
ზოგიერთ სხვა ვაქცინებზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს, ზოგიც ახლა იტესტება, მათ შორის არის ებოლასა და მალარიას ვაქცინები, რომლებიც ჯერ ფართოდ დანერგილი და გლობალურად ხელმისაწვდომი არ არის.
თქვენს ქვეყანაში შეიძლება სულაც არ იყოს საჭირო ყველა ეს ვაქცინა. ზოგიერთი მათგანი შეიძლება უშუალოდ მაღალი რისკის რეგიონებში მოგზაურობის წინ გაიკეთოთ. იმის გასარკვევად, თუ რომელი ვაქცინა გჭირდებათ თქვენს ქვეყანაში, მიმართეთ ექიმს.
უნდა აცრათ თუ არა თქვენი ქალიშვილი ადამიანის პაპილომავირუსზე (HPV)?
საშვილოსნოს ყელის კიბოს ფაქტობრივად ყველა შემთხვევა იწყება სქესობრივი გზით გადამდები ადამიანის პაპილომავირუსით (HPV). თუ ვაქცინაცია ამ ვირუსის შეხვედრამდე მოხდება, დაავადებისგან ფაქტობრივად დაცული ხართ. ავსტრალიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ახალ ზელანდიაში, შვედეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ თინეიჯერ გოგონებსა და ზრდასრულ ქალებში ვაქცინაცია 90 პროცენტამდე ამცირებს ადამიანის პაპილომარვირუსის ინფექციებს.
კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანის პაპილომავირუსების ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, 9-14 წლის ასაკში გოგონებს უნდა გაუკეთდეთ ვაქცინის ორი დოზა; მოგვიანებით, ცხოვრების განმავლობაში კი უნდა ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის კიბოზე სკრინინგი.
როდის უნდა ავიცრა (ან ავცრა ჩემი შვილი)?
ვაქცინები სიცოცხლის განმავლობაში და სხვადასხვა ასაკში გვიცავს, დაბადებიდან ბავშვობამდე, თინეიჯერობიდან ხანდაზმულობამდე. მრავალ ქვეყანაში აძლევენ ვაქცინაციის ბარათს, რომელშიც წერია, რომელი ვაქცინა გაგიკეთდათ თქვენ ან თქვენს შვილს და როდის გიწევთ შემდეგი ვაქცინა ან გამაძლიერებელი დოზა. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ეს ვაქცინები ვადაგასული არ იყოს.
ვაქცინირების გადადებით, თავს სერიოზულ ავადმყოფობათა რისკის ქვეშ ვაგდებთ. თუ იქამდე მოვიცდით, ვიდრე ვფიქრობთ, რომ შეიძლება რაიმე სერიოზული დაავადება შეგვეყაროს, მაგალითად, დაავადების ეპიდემიის დროს, ვაქცინას შეიძლება საკმარისი დრო აღარ დარჩეს ეფექტიანობის შესაძენად და დრო აღარც ყველა რეკომენდებული დოზის გასაკეთებლად გვეყოს.
რატომ იწყება ვაქცინაცია ასეთ ადრეულ ასაკში?
პატარა ბავშვს დაავადებები შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში მრავალ სხვადასხვა ადგილას, მრავალი სხვადასხვა ადამიანისგან შეეყაროს, რამაც ის სერიოზული რისკის წინაშე დააყენოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვაქცინაციის გეგმა ისე უნდა შედგეს, რომ ჩვილები და ბავშვები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან დაიცვას. ჩვილები და ბავშვები ხშირად დაავადების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათი იმუნური სისტემა ჯერ სრულად ჩამოყალიბებული არ არის და მათ სხეულს ნაკლებად შეუძლია ინფექციასთან ბრძოლა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების ვაქცინაცია დაავადების წინააღმდეგ მოხდეს რეკომენდებულ დროს.
შვილი რეკომენდებულ დროს ვერ ავცერი. ძალიან გვიანია ამის გამოსწორებისთვის?
ვაქცინათა უმეტესობის შემთხვევაში, გაკეთება ძალიან გვიანი არასოდეს არის. შეგიძლიათ თქვენს ექიმთან გაარკვიოთ, როგორ მიიღოთ ვაქცინის გაცდენილი დოზა თქვენ ან თქვენმა შვილმა.
ვინ შეიძლება აიცრას?
თითქმის ყველას შეუძლია, რომ აიცრას. თუმცა, გარკვეულ სამედიცინო მდგომარეობათა გამო, ზოგიერთ ადამიანს გარკვეულ ვაქცინათა მიღება არ შეუძლია ან ესაჭიროება მოცდა. ამ მდგომარეობებს შორის შეიძლება იყოს:
ქრონიკული დაავადება ან მკურნალობა (მაგალიად, ქიმიოთერაპია), რომელიც გავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე;
მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში ალერგიები ვაქცინის ინგრედიენტებისადმი, რაც საკმაოდ იშვიათია;
თუ ვაქცინაციის დღეს ძლიერ ავად ხართ ან მაღალი სიცხე გაქვთ.
ეს ფაქტორები ხშირად ყოველი ვაქცინისთვის სხვადასხვაა. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენ ან თქვენმა შვილმა კონკრეტული ვაქცინა უნდა მიიღოს, გაესაუბრეთ ექიმს.
როგორ იქმნება და იტესტება ვაქცინები?
ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვაქცინები ათწლეულების წინ არის შექმნილი და ყოველწლიურად მათ უსაფრთხოდ იკეთებს მილიონობით ადამიანი. ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, გამოყენებაში დანერგვამდე, ყოველმა ვაქცინამ უნდა გაიაროს ვრცელი და მკაცრი ტესტირება, რათა დადგინდეს, რომ ის უსაფრთხოა.
ექსპერიმენტული ვაქცინა პირველ რიგში ცხოველებზე იტესტება, რათა შემოწმდეს მისი უსაფრთხოება და დაავადების პრევენციის პოტენციალი. ამის შემდეგ, მას ადამიანებზე ტესტავენ კლინიკური ცდების სამი ფაზის განმავლობაში:
- I ფაზაში ვაქცინას მცირე რაოდენობის მოხალისეებს უკეთებენ, რათა შეაფასონ მისი უსაფრთხოება, დადასტურდეს, რომ წარმოქმნის იმუნურ პასუხს და განისაზღვროს შესაფერისი დოზა.
- II ფაზაში ვაქცინას ასობით მოხალისეს უკეთებენ, რომლებსაც დეტალურად აკონტროლებენ ნებისმიერ გვერდით ეფექტზე, რათა დამატებით შეაფასონ მის მიერ იმუნური პასუხის წარმოქმნის უნარი. ამ ფაზაში, შესაძლებლობის შემთხვევაში მონაცემებს აგროვებენ დაავადების შედეგების შესახებაც, მაგრამ როგორც წესი, ეს მონაცემები საკმარისი არ არის რათა მკაფიო სურათი მივიღოთ დაავადებაზე ვაქცინის ეფექტის შესახებ. ამ ფაზაში მონაწილეთა მახასიათებლები (მაგალითად, ასაკი და სქესი) იგივეა, რაც იმ ადამიანების უნდა იყოს, ვისთვისაც ეს ვაქცინაა შექმნილი. ამავე ფაზაში, მოხალისეთა ნაწილს ვაქცინაც უკეთებენ, ნაწილს კი პლაცებოს (ეფექტის არმქონე ფიზიოლოგიურ ხსნარს), რაც შედარებისა და ვაქცინის შესახებ დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
- III ფაზაში ათასობით მოხალისე მონაწილეობს — მათ ნაწილს ვაქცინას უკეთებენ, ნაწილს კი პლაცებოს, მეორე ფაზის მსგავსად. დეტალურად ადარებენ ორივე ჯგუფიდან მიღებულ მონაცემებს, რათა გაარკვიონ, არის თუ არა ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანი იმ დაავადების წინააღმდეგ, რომლისგან თავდაცვისთვისაც შექმნეს.
მას შემდეგ, რაც კლინიკური ცდების მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება, საჭიროა ამის შემდეგ ნაბიჯთა მთელი სერია, მათ შორის არის მიმოხილვები ეფექტიანობაზე, უსაფრთხოებასა და წარმოებაზე, რათა მოხდეს მარეგულირებელთა მიერ მათი შემოწმება და დადასტურება ან უარყოფა; დადასტურების შემთხვევაში, ვაქცინა ეროვნული იმუნიზაციის პროგრამაში ჯდება.
ვაქცინის დანერგვის შემდეგ, ახლო მონიტორინგი მაინც გრძელდება, რათა დაფიქსირდეს ნებისმიერი მოულოდნელი გვერდითი ეფექტი და კიდევ ერთხელ შეფასდეს ვაქცინის ეფექტიანობა ადამიანთა უფრო დიდ რაოდენობაში; ასევე უფრო ზუსტად დადგინდეს, რომელია ვაქცინის მოხმარების საუკეთესო გზა ყველაზე დიდი დამცველობითი ეფექტის მისაღებად.
ვაქცინაციის შესახებ კითხვები მაინც მაქვს. რა უნდა გავაკეთო?
ამ შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ჯანდაცვის უწყებებს. იქ აუცილებლად მოგაწვდიან მეცნიერებაზე დაფუძნებულ რჩევებს თქვენი და თქვენი ოჯახის ვაქცინაციის შესახებ, ასევე თქვენს ქვეყანაში რეკომენდებულ ვაქცინაციის გეგმას.
როდესაც ვაქცინების შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებთ, პირველ რიგში აუცილებლად გაარკვიეთ წყაროს სანდოობა.
რას შეიცავს ვაქცინა?
ვაქცინაში შემავალი ყოველი ინგრედიენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაში. ზოგიერთი ასეთი ინგრედიენტია:
ანტიგენი. ეს გახლავთ ვირუსის ან ბაქტერიის მოკლული ან დასუსტებული ვერსია, რომელიც ჩვენს ორგანიზმს დაავადების ამოცნობას და მასთან ბრძოლას ასწავლის, თუ ის მომავალში ჩვენს ორგანიზმში შემოიჭრება.
- ადიუვანტები, დამხმარე საშუალებები, რომლებიც ჩვენს იმუნურ პასუხს გაძლიერებაში ეხმარება. ანუ, ისინი ვაქცინას უკეთესად მოქმედებაში ეხმარებიან.
- შემნახველი საშუალებები (კონსერვანტები), რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაქცინის ეფექტიანობის შენარჩუნებას უზრუნველყოფენ.
- სტაბილიზატორები, რომლებიც ვაქცინებს შენახვისა და ტრანსპორტირების დროს იცავენ.
ეტიკეტზე დაწერილი ვაქცინის ინგრედიენტები ხშირად არაფერს გვეუბნება და ჩვენთვის სრულიად უცხოა. თუმცა, ვაქცინაში გამოყენებული მრავალი კომპონენტი ჩვენს სხეულში თუ გარემოში ბუნებრივადაც წარმოიქმნება, უფრო მეტიც — გვხვდება საკვებშიც. ვაქცინის ყველა ეს ინგრედიენტი, ისევე როგორც თავად ვაქცინები, ყოველმხრივ შემოწმებულია, რათა დარწმუნებული ვიყოთ მათ უსაფრთხოებაში.
არის თუ არა ვაქცინები უსაფრთხო?
ვაქცინაცია უსაფრთხოა და ვაქცინის გვერდითი ეფექტები ძირითადად მცირე და დროებითია; ძირითადად, ასეთი ეფექტებია ნანემსარის ტკივილი და მსუბუქი სიცხე. შესაძლებელია დაფიქსირდეს უფრო სერიოზული გვერდითი ეფექტებიც, მაგრამ ასეთი შემთხვევები უკიდურესად იშვიათია.
ნებისმიერი ლიცენზირებული ვაქცინა, გამოყენებაში დანერგვამდე მკაცრად არის შემოწმებული ცდების მრავალ ფაზაში; დანერგვის შემდეგ კი, რეგულარულად ხდება მისი ხელახლა შეფასება. მეცნიერები ასევე მუდმივად ამოწმებენ ინფორმაციას რამდენიმე წყაროსგან ნებისმიერი იმ ნიშნის შესახებ, რომლითაც შეიძლება, ვაქცინამ ჯანმრთელობას შეუქმნას რისკი.
გახსოვდეთ, რომ გაცილებით ძლიერ შეიძლება დაგაზარალოთ იმ დაავადებამ, რომლის თავიდან აცილებაც ვაქცინით არის შესაძლებელი, ვიდრე ვაქცინამ. მაგალითად, ტეტანუსი იწვევს ძლიერ ტკივილს, კუნთების სპაზმებს, სისხლის კოლტებს; წითელას შეუძლია გამოიწვიოს ენცეფალიტი (ტვინის ინფექცია) და სიბრმავე. ვაქცინით პრევენცირებადმა მრავალმა დაავადებამ შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. ვაქცინაციის სარგებელი ძალიან დიდად გადაწონის რისკებს და ვაქცინების გარეშე გაცილებით მეტი დაავადება და სიკვდილი ხდება.
აქვს თუ არა ვაქცინებს გვერდითი ეფექტები?
ნებისმიერი სხვა მედიკამენტის მსგავსად, ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი გვერდითი ეფექტები, მაგალითად, ტემპერატურის ოდნავ მომატება ან ნანემსარი ადგილის ტკივილი და შეწითლება. ასეთი მსუბუქი რეაქციები რამდენიმე დღეში თავისით, უკვალოდ ქრება.
უკიდურესად იშვიათია მწვავე და ხანგრძლივი ეფექტები. უსაფრთხოებაზე მონიტორინგი ვაქცინებს მუდმივად უტარდება, რათა დაფიქსირდეს ნებისმიერი უიშვიათესი გვერდითი ეფექტიც კი.
შეიძლება თუ არა, ბავშვს ერთდროულად ერთზე მეტი ვაქცინა გავუკეთოთ?
სამეცნიერო მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის მიღებას უარყოფითი ეფექტი არ აქვს. ბავშვებს ურთიერთობა უწევთ რამდენიმე ასეულ უცხო ნივთიერებასთან, რომლებიც იმუნურ პასუხს ყოველდღიურად განაპირობებენ. უბრალოდ საკვების ჭამითაც კი. სხეულში ახალი მიკრობები ხვდება, პირსა და ცხვირში კი მრავალი ბაქტერია ბინადრობს.
როდესაც კომბინირებული ვაქცინაცია შესაძლებელია (მაგალითად, დიფტერიის, ყივანახველისა და ტეტანუსის), ეს ბავშვისთვის ნაკლებ ნანემსარსა და დისკომფორტის შემცირებას ნიშნავს. ამავე დროს, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თქვენი შვილი შესაბამის ვაქცინას შესაფერის დროს იღებს და თავიდან იცილებს პოტენციურად სასიკვდილო დაავადების შეხვედრის რისკს.
არსებობს თუ არა კავშირი ვაქცინებსა და აუტიზმს შორის?
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ვაქცინებსა და აუტიზმს ან აუტისტურ აშლილობებს შორის კავშირის შესახებ. ეს უკვე მრავალმა კვლევამ დაადასტურა, მრავალ სხვადასხვა, ძალიან დიდ მოსახლეობაზე.
1998 წელს ჩატარებული კვლევა, რომელიც წითელა-ყბაყურა-წითურის (MMR) ვაქცინასა და აუტიზმს შორის შესაძლო კავშირის შესახებ გვაფრთხილებდა, მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არასწორი და თაღლითური იყო. პუბლიკაცია მოგვიანებით უკან გაიწვია იმ ჟურნალმაც, რომელშიც ის გამოქვეყნდა, ხოლო მის ავტორ ექიმს სამედიცინო ლიცენზია ჩამოართვეს. სამწუხაროდ, მისმა პუბლიკაციამ წარმოქმნა შიშები, რომლებმაც ზოგიერთ ქვეყანაში იმუნიზაციის მაჩვენებლები შეამცირა, რასაც თავის მხრივ, ამ დაავადებათა აფეთქებები მოჰყვა.
ჩვენი, ყველას ვალია, რომ გავავრცელოთ მხოლოდ სანდო, სამეცნიერო ინფორმაცია ვაქცინებისა და იმ დაავადებების შესახებ, რომელთა პრევენციასაც ისინი ახდენენ.
მომზადებულია who.int-ის მიხედვით.