რა არის ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინა, რამდენად არის უსაფრთხო და ეფექტიანი — #1tvმეცნიერება
რა არის ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინა, რამდენად არის უსაფრთხო და ეფექტიანი — #1tvმეცნიერება

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში დროებით მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში დაფიქსირდა თრომბის წარმოქმნა.

მარეგულირებელ ორგანოთა განცხადებით, ეს ქმედება უბრალოდ სიფრთხილისთვის მიღებული ზომაა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ შემთხვევებთან ვაქცინა რაიმე კავშირშია. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, ვაქცინის გამოყენება გრძელდება.

ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინა ძლიერ ეფექტიანია COVID-19-ის სერიოზულ შემთხვევათა წინააღმდეგ და 80 პროცენტით ამცირებს ავადობისა და ჰოსპიტალიზების შანსს.

არის თუ არა უსაფრთხო?

არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო არ არის.

თრომბი ბუნებრივად წარმოიქმნება და სულაც არ არის იშვიათი. 10 მარტის მონაცემებით, ევროპაში ვაქცინირებულ ხუთ მილიონ ადამიანს შორის თრომბი 30 ადამიანში დაფიქსირდა, უფრო ნაკლებში, ვიდრე მოსალოდნელია ბუნებრივად, არავაქცინირებულ ადამიანებში.

ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებელი ორგანო მკაფიოდ მიუთითებენ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა.

ევროპის მედიკამენტების სააგენტო მიმოხილვას მაინც აწარმოებს, მაგრამ ამასობაში, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეაჩერეს ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ, გერმანიამ, ბულგარეთმა.

რა პრინციპით მოქმედებს ეს ვაქცინა?

დამზადებულია შიმპანზეებში ჩვეულებრივი გაციების გამომწვევი ვირუსის (ადენოვირუსი) შესუსტებული ვერსიით. ვირუსი ისეა გადაკეთებული, რომ ჰგავს კორონავირუსს, მაგრამ არ შეუძლია დაავადების გამოწვევა.

სხეულში შეყვანის შემდეგ, ის ორგანიზმის იმუნურ სისტემას რეალურ ვირუსთან ბრძოლას ასწავლის, თუკი მომავალში მას ეს დასჭირდა.

Pfizer-ის ვაქცინისგან განსხვავებით, რომელიც უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე (-70C) ინახება, ოქსფორდის ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი. ამ ფაქტორის გამო, გაცილებით ადვილია მისი ფართოდ გადანაწილება.

 

არის თუ არა ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინა ისეთივე კარგი, როგორც Pfizer-ის?

ფართო კვლევებმა აჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინის ეფექტიანობა 95 პროცენტია, ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინის კი 62%.

თუმცა, შედეგების პირდაპირი შედარება რთულია, რადგან კლინიკური ცდები სხვადასხვაგვარად ჩატარდა.

ცდების ფარგლებში, საავადმყოფოში გადაყვანა არავის დასჭირვებია და კოვიდის მიზეზით არც სერიოზულად ავად გამხდარა რომელიმე მონაწილე, ვინც ოქსფორდის ვაქცინა გაიკეთა.

უახლესი კვლევის მიხედვით, ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინის ერთი დოზა ადამიანს 76 პროცენტით იცავს სამი თვის განმავლობაში, მეორე დოზის შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 82 პროცენტამდე ადის.

არის თუ არა ეფექტიანი ხანდაზმულებში?

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, თავდაპირველად ეს ვაქცინა მხოლოდ 18-64 წლამდე ასაკია ადამიანებისთვის განსაზღვრეს, რადგან ამბობდნენ, რომ მწირი იყო მონაცემები იმის შესახებ, როგორ იცავს ვაქცინა 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს.

გერმანიამ და საფრანგეთმა გადაწყვეტილება უკვე შეცვალეს და ვაქცინას რეკომენდაცია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებისთვისაც მისცეს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტომ ვაქცინა იანვარში დაამტკიცა, მათ შორის ხანდაზმულებისთვისაც.

AstraZeneca-ს განცხადებით, მისი ცდების მონაცემები მიუთითებს, რომ ვაქცინა ეფექტიანია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებშიც. ადრეული შედეგების მიხედვით, ვაქცინა თანაბრად მძლავრ იმუნურ პასუხს აღძრავს როგორც ახალგაზრდებში, ისე ხანდაზმულებში.

რამდენ ხანს გვიცავს ვაქცინა COVID-19-ისგან?

ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინის შემთხვევაში არ არის ცნობილი, რამდენ ხანს დაგვიცავს ისინი კორონავირუსისგან.

კვლევები აჩვენებს, რომ კოვიდგადატანილ არავაქცინირებულ ადამიანებს ვირუსისგან თავდაცვა სულ მცირე ექვსი თვის განმავლობაში აქვთ. სავარაუდოდ, ვაქცინის მიერ მონიჭებული თავდაცვა ამაზე დიდხანს გასტანს.

შესაძლებელია, რომ მან წლიური ვაქცინაციის სახე მიიღოს, ზუსტად ისე, როგორც გრიპის ვაქცინის შემთხვევაშია.

გვიცავს თუ არა ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინა ახალი შტამებისგან?

ექსპერტები ამჟამად ხელმისაწვდომ კორონავირუსის ყველა ვაქცინას ამოწმებენ ვირუსის ახალი, მუტაციაგანცდილი ვარიანტების წინააღმდეგ.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მთავარი ოფიცრის მოადგილის, ჯონათან ვან ტამის განცხადებით, ბევრი მტკიცებულება მიუთითებს, რომ ოქსფორდის ვაქცინა ეფექტიანია ე. წ. ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.

თუმცა, ნაკლებია იმის მტკიცებულებები, რომ ეს ვაქცინა ეფექტიანია ბრაზილიური და სამხრეთაფრიკული შტამების წინააღმდეგ.

დაახლოებით 2000 ვაქცინირებულ ადამიანზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ოქსფორდი/AstraZeneca-ს ვაქცინა შეზღუდულ დაცვას წარმოქმნის სამხრეთაფრიკული ვარიანტის მიერ გამოწვეულ მსუბუქი და საშუალო ავადობის წინააღმდეგ.

ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ეს ვაქცინა ამ ვარიანტის მიერ წარმოქმნილი მწვავე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებისგან ვერ დაგვიცავს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები უკვე მუშაობენ ვაქცინის ახალ ვერსიაზე, რათა ის ეფექტიანი დარჩეს ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც გარდაუვლად გააგრძელებს მუტაციას.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.