ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში საკრებულოების თავმჯდომარეები ვერ აირჩიეს
ზუგდიდში, წალენჯიხასა და სენაკში საკრებულოს სხდომები გაიმართა. ვერც ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულომ თავმჯდომარის არჩევა დღეს ვერ მოახერხა. ამის მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის ჩამოყალიბება მიიღეს ცნობად, მოგვიანებით კი, პარტიის წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს და სხდომა დატოვეს.
„ქართული ოცნების“ 20 წევრიდან სხდომას 19 ესწრებოდა. ასევე, სხდომაზე იმყოფებოდა „გახარია – საქართველოსთვის“ სამივე წევრი, თუმცა კვორუმი მაინც არ შედგა და სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
ამასთან, ზუგდიდის საკრებულომ ცნობად მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი წევრისა და ასევე, „ქართული ოცნებიდან“ ერთი წევრის განცხადებები, საკრებულოს დატოვების შესახებ. მათ პარტიებიდან სხვა წევრები შეცვლიან.