ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გვირაბის შესასვლელი გადაკეტეს
ქვიშხეთის სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულებმა გვირაბის შესასვლელი ჩაკეტეს. გვირაბში ჩინური კომპანიის ათამდე თანამშრომელი იმყოფება, რომლებიც ჩინეთის მოქალაქეები არიან. გაფიცულები მშენებარე გვირაბში შესვლის და გამოსვლის საშუალებას არავის აძლევენ.
გაფიცულები შრომითი პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მატებას ითხოვენ. მშენებლობაზე დასაქმებულები პროფკავშირების წარმომადგენელთან ერთად „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ წარმომადგენლებს გუშინ შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. გაფიცულების ინფორმაციით, ხელფასების დღიურად 20 ლარიდან 30 ლარამდე ზრდაზე ჩინურმა კომპანიამ უარი განაცხადა. მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ და აცხადებენ, რომ სამუშაოს მანამდე არ დაუბრუნდებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ კი აცხადებს, რომ „ამჟამად მოქმედი შრომითი ხელშეკრულების თანახმად, დასაქმებულების მიმართ გათვალისწინებულია როგორც ძირითადი ხელფასი, ისე დანამატი და ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის განკუთვნილი დამატებითი ანაზღაურება, რაც საერთო ჯამში ბევრად აღემატება დასაქმებულთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მათი დღიური ანაზღაურების – 20 ლარით განსაზღვრასთან დაკავშირებით“.