ქვეყნის ბიზნესგარემოს მონიტორინგის მიზნით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ახალი ინდექსი შეიმუშავა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფთან (PMCG) თანამშრომლობით „BAG ინდექსის“ პროექტი შეიმუშავა.
ასოციაციის სათათბირო საბჭოს პირველ შეხვედრაზე პროექტის პრეზენტაცია პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის კვლევითი პროგრამების დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა გამართა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, „BAG ინდექსის” მეშვეობით განისაზღვრება ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი, დასაქმების ბარომეტრები და ასევე მოხდება ინვესტიციების სიხშირისა და ინტენსივობის კვლევა.
„BAG ინდექსის“ დახმარებით განხორციელდება ბიზნესგარემოს მონიტორინგი, ასევე განისაზღვრება კონკრეტულ პერიოდებში ბიზნესის წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები. დასკვნის სახით, „BAG ინდექსი“ ბიზნესის სამომავლო განვითარების ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას მოგვცემს. აღნიშნული სასარგებლო იქნება როგორც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
ასოციაციის ახალი საკონსულტაციო ორგანოს შემადგენლობა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა. სათათბირო საბჭო დაკომპლექტებულია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების მიერ.