ქვეყნის ახალ პრეზიდენტს საქმიანობა ახალი კონსტიტუციის შესაბამისად მოუწევს
საქართველოს რიგით მეხუთე პრეზიდენტს საქმიანობა ახალი კონსტიტუციის შესაბამისად მოუწევს.
ახალი კონსტიტუციით, რომელიც ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, ქვეყნის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური და ამასთანავე, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი იქნება.
კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პრეზიდენტი თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი იქნება და საქართველოს საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებას, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით განახორციელებს – წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, მთავრობის წარდგინებით დანიშნავს და გაათავისუფლებს საქართველოს ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.
ამასთან, კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, სახელმწიფოს სახელით სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსტიტუციური შეთანხმება დადოს და პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები დანიშნოს.
კონსტიტუციით განსაზღვრულია პრეზიდენტის, როგორც მთავარსარდლის უფლებამოსილება. კერძოდ, დოკუმენტით, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის ძალების მეთაურს, ასევე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს, მონაწილეობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში, მთავრობის წარდგინებით კი, პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს.
პრეზიდენტი ჩართული იქნება მოქალაქეობის მინიჭების საკითხებში, ექნება მსჯავრდებულთა შეწყალების უფლება.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, კონსტიტუციით, პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით, ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობა შეაჩეროს ან დაითხოვოს, თუ მისი მოქმედებით საფრთხე შეექმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას.
კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტს უფლება ექნება, პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით რეფერენდუმიც დანიშნოს.
კონსტიტუციით განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობაც. დოკუმენტით, პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერა სჭირდება, თუმცა თანახელმოწერას არ დასჭირდება პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც უკავშირდება: პარლამენტის არჩევნების დანიშვნას; პარლამენტის დათხოვნას; პარლამენტის სესიის ან სხდომის მოწვევას; კონსტიტუციური შეთანხმების დადებას; კანონის ხელმოწერას და გამოქვეყნებას; პრემიერ-მინისტრის დანიშვნას; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას; ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრის თანამდებობაზე განწესებას; ასევე, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენას; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნას; საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას; აგრეთვე, მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტას; მსჯავრდებულთა შეწყალებას; საკონსტიტუციო სასამართლოსათვის ან სასამართლოსათვის მიმართვას; საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების განხორციელების ორგანიზებას.
პარლამენტმა კონსტიტუციური პროექტი მიმდინარე წლის 23 მარტს დაამტკიცა, რომლის განხილვა გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად წარიმართა.