ქვეყნებს, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს, რუსეთი სარკისებრი ზომებით პასუხობს
ქვეყნებს, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს, რუსეთი სარკისებრი ზომებით პასუხობს

ქვეყნებს, რომლებმაც რუსი დიპლომატები გააძევეს, რუსეთი სარკისებრი ზომებით პასუხობს. როგორც რუსული მედია წერს, რუსეთს დატოვებენ ოთხი პოლონელი, სამი ლიტველი, ერთი ლატვიელი, ორი იტალიელი, ერთი ფინელი დიპლომატები. ასევე რუსეთის ხელისუფლება აძევეს ნიდერლანდების დიპლომატიური მისიის ორ თანამშრომელს და ესტონეთის სამხედრო ატაშეს.

უცხოელ დიპლომატებს რუსეთის დასატოვებლად 7 აპრილამდე მისცეს ვადა.

ამას გარდა, მოსკოვმა ლონდონს ერთთვიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ რუსეთში დიპლომატიური მისია შეამციროს და საელჩოსა და საკონსულოების თანამშრომლების რაოდენობა დიდ ბრიტანეთში რუსული დიპლომატიური მისიის წევრთა რაოდენობას გაუთანაბროს.

როგორც ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენელმა განაცხადა, რუსეთის საპასუხო ზომები მოსალოდნელი იყო.

დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ქვეყნების ელჩები დაიბარეს, საიდანაც რუსი დიპლომატები გააძევეს. ელჩებს საპროტესტო ნოტები გადასცეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი 60 ამერიკელ დიპლომატს აძევებს და სანქტ-პეტერბურგში აშშ-ს საკონსულოს ხურავს.
როგორც კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსი დიპლომატების გაძევებაზე მოსკოვის საპასუხო ზომები რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს წევრებთან განიხილა.

26-29 მარტს სოლსბერიში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო, რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ 30-მდე ქვეყანამ განაცხადა, მათ შორის საქართველომ. სულ, სამშობლოში დაბრუნება რუსული დიპლომატიური მისიების 150-მდე თანამშრომელს მოუწევს.

კერძოდ, აშშ-მა გააძევა 60 რუსი დიპლომატი, უკრაინამ -13, გერმანიამ, კანადამ, პოლონეთმა და საფრანგეთმა – ოთხ-ოთხი; ლიტვამ, მოლოდვამ და ჩეხეთმა – სამ-სამი; ავსტრალიამ, ალბანეთმა, დანიამ, ესპანეთმა, იტალიამ და ნიდერლანდენმა – ორ-ორი; თითო-თითო ბელგიამ, უნგრეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, მაკედონიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ, მონტენეგრომ, შვედეთმა, ესტონეთმა და საქართველომ.