ამერიკის შეერთებული შტატები მორიგ დიპლომატიურ სკანდალში გაეხვია.
ამჯერად, ამის მიზეზი იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ გაერო-ში განვითარებული მოვლენებია.
18 დეკემბერს აშშ-მა ვეტო დაადო ეგვიპტის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, რომელიც ამბობს, რომ იერუსალიმის სტატუსის შეცვლა დაუშვებელია. თუმცა, კაირომ დოკუმენტის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განხილვა მოითხოვა.
ამ შემთხვევაში ვაშინგტონს ვეტოს უფლება აღარ აქვს და რეზოლუციის დასამტკიცებლად 193 წევრი სახელმწიფოს უბრალო უმრავლესობის თანხმობაა საკმარისი.
ამის შემდეგ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი ვაშინგტონის ხელთ არსებული ერთ-ერთი ყველზე მძლავრი ბერკეტის ამოქმედებით დაიმუქრა. ტრამპი აშშ-ის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ ალაპარაკდა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ კენჭისყრას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის ფინანსურ მხარდაჭერაზე ყველაზე მეტად რამდენიმე ქვეყანაა დამოკიდებული.
სტატისტიკური მონაცემებით, რომელსაც СNN-ი ავრცელებს, სამხედრო დახმარების კუთხით, პირველ ადგილზეა ერაყი, მას მოსდევს ისრაელი და ავღანეთი. ხუთეულში არიან ეგვიპტე და იორდანია. მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას იღებენ პაკისტანი, ფილიპინები, კენია, უკრაინა და კოლუმბია.
USAID-ის ცნობით, 2016 წელს ისრაელმა აშშ-ისგან 3,1 მილიარდი დოლარი მიიღო. თუმცა, ცხადია, რომ ისრაელი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მხარს აშშ-ს დაუჭერს.
რაც შეეხება ეგვიპტეს, რომელიც ვაშინგტონის საწინააღმდეგო რეზოლუციის ინიციატორია, კაირომ 2016 წელს აშშ-სგან 1,1 მილიარდი დოლარი მიიღო. ეს ეგვიპტის სამხედრო ბიუჯეტის დაახლოებით 20-25 პროცენტს შეადგენს. კაიროს ასეთ სოლიდურ დახმარებას არცერთი სხვა სახელმწიფო არ უწევს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ ეგვიპტის წინააღმდეგ ამ ბერკეტს სავარაუდოდ ვერ გამოიყენებს, რადგან კაიროს სამხედრო დახმარება ადამიანის უფლებები დარღვევის გამო ვაშინგტონმა უკვე შეაჩერა. თეთრ სახლში პროგრამის განახლებაზე საუბრობდნენ, თუმცა თუ ეგვიპტე მხარს დაუჭერს აშშ-ის საწინააღდმეგო რეზოლუციას, მაშინ ტრამპმა შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.
თუმცა, როგორც СNN-ის ჟურნალისტი აღნიშნავს, ეგვიპტისთვის გრძელვადიან პერიოდში დახმარების შეწყვეტა გამორიცხულია, რადგან კაიროსთან თანამშრომლობა ვაშინგტონის რეგიონული ინტერესებისთვის გადამწყვეტია.
სამხედრო დახმარების შეწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა სხვა პარტნიორების შემთხვევაშიც, რადგან ეგვიპტის მსგავსად, ყველა ის ქვეყანა, რომელსაც ვაშინგტონი ამ სფეროში ეხმარება, აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია.
თუ ვივარაუდებთ, რომ ტრამპი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის დაფინანსებას შეწყვეტს, მაშინ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს აისახება ამერიკულ ბიზნესსა და მოქალაქეებზეც, რომლებიც USAID-ის პროექტებში მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ USAID-ის დახმარების მიმღები სახელმწიფოების პირველი ათეულში ძირითადად აფრიკული ქვეყნები არიან. მათ შორის ეთიოპია, სამხრეთ სუდანი. კენია, ნიგერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
„ეკონომიკის თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ ცნობით, 2014-2015 წლებში ეთიოპიამ აშშ-სგან 700 მილიონი დოლარი მიიღო. თუმცა აშშ ამ ქვეყნის ერთადერთი დონორი არ გახლავთ. იგივე პერიდოში ეთიოპიამ 800 მილიონი მიიღო მსოფლიო ბანკისგან, 526 მილიონი – დიდი ბრიტანეთისგან და 224 მილიონი ევროკავშირისგან.
ანალოგიური მაჩვენებლები აქვს კენიასა და ნიგერიასაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ ვაშინგტონი უარს იტყვის აფრიკული ქვეყნების დახმარებაზე, მაშინ ამას ჩინეთი გააკეთებს, რომელიც უკვე აქტიურობს ამ კონტინენტზე.
რაც შეეხება საქართველოს, USAID-ის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისგან 34 მილიონი დოლარი, ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან 50 მილიონი დოლარი მიიღო.