ეკატერინე ტიკარაძე - ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისთვის და ბაზარზე დასაშვებად GMP სერტიფიკატი იქნება საჭირო
პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მედიკამენტების პოლიტიკაზეც ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული თემა მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს, ვინაიდან სწორედ ამ კომპონენტზე მოდის ჯიბიდან დანახარჯების დიდი ნაწილი.
ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, არსებობდეს კონკრეტული სტრატეგია, რომელიც მედიკამენტების ფასებზე, ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე იქნება გათვლილი.
„მედიკამენტების რაციონალურად გამოყენების და მათზე დანახარჯების შემცირებისთვის ჩვენ ვიმუშავებთ პოლიფარმაციის კონტროლზე. ხარისხის კომპონენტში, აქცენტს გავაკეთებთ ქვეყანაში წამლის რეგისტრაციისა და ბაზარზე დაშვების საკითხზე, რომლის აუცილებელი საფუძველი გახდება GMP სერტიფიკატი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამასაც შეეხო.
როგორც ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, პროგრამა 2017 წლიდან ამოქმედდა და უკვე 128 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
„თუმცა უნდა ითქვას, რომ პროგრამაში გამოიკვეთა გარკვეული ბარიერები, რაც მის წარმატებით მიმდინარეობას უშლის ხელს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევცვალოთ მედიკამენტების პროგრამის დღეს არსებული დიზაინი“, – აღნიშნა მინისტრმა.