შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ფაქტებზე სამი პირი – 1984 წელს დაბადებული ვ.მ., 1998 წელს დაბადებული გ.მ. და 1995 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალ საქონელს მალევე მიაგნეს და მეპატრონეს დაუბრუნეს.
რაც შეეხება გ.მ.-ს და ნ.კ.-ს, პოლიციამ ისინი იმ დროს შეაჩერა, როდესაც მოპარული საქონელი მიკროავტობუსით წალკა-თეთრიწყაროს საავტომობილო გზაზე გადაჰყავდათ.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.