ქვემო ქართლში გერმანელი ჯარისკაცების საფლავების მოძიება იგეგმება
ქვემო ქართლში გერმანელი ჯარისკაცების საფლავების მოძიება იგეგმება

ქვემო ქართლში გერმანელი ჯარისკაცების ნეშტების მოძიება და შესაბამის სამხედრო სასაფლაოზე გადასვენება იგეგმება. სამუშაოს გერმანელი სამხედრო ტყვეების საფლავებზე ზრუნვის სახალხო კავშირი, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის 1993 წელს გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად განახორციელებს.

საქართველოს მთავრობის მიერ 8 იანვარს გამოცემულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ გათხრები იწარმოება რუსთავში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სარგებლობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; გარდაბანში, სოფელ ახალი სამგორის მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე; მარნეულის მუნიციპალიტეტში, კაპანახჩი-იაღლუჯის ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.

გერმანულ მხარეს შეეძლება, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს შესაბამისი სამშენებლო ტექნიკა და დაიქირავოს ადგილობრივი პერსონალი. სამუშაოები არქეოლოგის ზედამხედველობით განხორციელდება.