ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამისთვის არასდროს უთქვამს, თითქოს მისი შვილი შარში იყო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი გამოკითხეს.
როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ბაჭულაშვილმა აღნიშნა, გამოკითხვაზე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მამის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს.
„დაბარებული ვიყავი შსს-ს გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ვითომ მე მითქვამს რაღაც. მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამ. კომპიუტერთან მე არაფერი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და წაიღო ექსპერტიზაზე. ყოველდღიური კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, ორჯერ შეხვედრა მქონდა, პლუს სატელეფონი კავშირი მქონდა, რადგან დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი, რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო, თუ იყო როდესმე წასული. ჩემი მხრიდან იყო გამოკითხვა, ასეთი რამე ჩემგან არ თქმულა, არც აქციის მაგვარი, არც ის, თითქოსდა თქვენი შვილი შარშია – როგორ ვეტყოდი, მე კომპიუტერთან საერთოდ არ მქონდა შეხება“, – განაცხადა ბაჭულაშვილმა.
მისივე თქმით, ოჯახმა კარგად იცოდა, რომ დღე და ღამეს ათენებდნენ თამარ ბაჩალიაშვილის მოსაძებნად.
„მე მათ ვეუბნებოდი, რომ ჩართულია ყველა სამსახური, საგამოძიებოც, სამაშველოც, დრონიც, ყველა სამსახური იყო ჩართული. როცა გავიგე, რომ ჩემი ნახვა უნდოდა, წავედი რუსთავში, თუმცა იქ აღარ დამხვდა. მე არავის არ ვემალები“, – განაცხადა ბაჭულაშვილმა.