ქვემო ქართლში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა, ზვიად როსტომაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2 მილიონამდე ლარი გაიხარჯება რუსთავის პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ რეაბილიტაციაზე, სრულად განახლდება და აღიჭურვება სასწავლებლის ორი კორპუსი, ამჟამად სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
ამასთან, უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან ექსპლუტაციაში შევა მარნეულის პირველი საჯარო სკოლის ახალი შენობა, რომლის მშენებლობა დასრულდა და ამჟამად სამღებრო და შიდამოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს. თანამედროვე სტანდარტების სამსართულიანი სკოლის შენობა 350 მოსწავლეზეა გათვლილი და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებზე. სკოლა აღიჭურვება ახალი სასკოლო ინვენტარით, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი, ექიმის კაბინეტი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.