ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 4 პირი: 1995 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ფ.ო., 1998 წელს დაბადებული ი.ი., 1985 წელს დაბადებული შ.ჰ. და 1975 წელს დაბადებული ფ.მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მცხოვრები მოქალაქის – 1950 წელს დაბადებული მ.ბ.-ის საცხოვრებელ სახლში ყაჩაღობის მიზნით უკანონოდ შეაღწიეს.
თავდამსხმელებმა ქალი გაკოჭეს, დანის გამოყენების მუქარით უკანონოდ დაეუფლნენ სახლში არსებულ 1000 ლარზე მეტ თანხას, 3000 ლარამდე ღირებულების ოქროს სამკაულებსა და სხვა ძვირფასეულობას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დააკავეს.
პოლიციამ ყაჩაღობის გზით დაუფლებული სამკაულების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.