ქვემო ქართლის გუბერნატორი - მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე, მივმართავთ უფრო მკაცრ პრევენციას, მასშტაბური ჰოსპიტალიზაცია არ იგეგმება
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი აცხადებს, რომ მარნეულსა და ბოლნისში მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე, მიმართეს უფრო მკაცრ პრევენციას, მასშტაბური ჰოსპიტალიზაცია კი, არ იგეგმება. ამის შესახებ შოთა რეხვიაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„დღეს დადასტურდა, რომ მარნეულის მკვიდრი ქალბატონის მიმართ დადგინდა კორონავირუსის დიაგნოზი. ეს იყო შიდა გავრცელების ფაქტი. გამავრცელებელი წყარო ჯერ არ არის დადგენილი. ბუნებრივია, წრე, კომუნიკაცია, სადაც იყო ეს ყველაფერი, ცნობილია ჩვენთვის და სრულად მიმდინარეობს ამ ადამიანების კონტროლი. თუმცა მოგვიწია გამკაცრება ღონისძიებების და გადავედით საკარანტინო რეჟიმზე.
ეს იმას ნიშნავს, რომ მარნეულსა და ბოლნისში ადგილობრივ მოსახლეობას შეეზღუდება სხვა მუნიციპალიტეტებთან კავშირი, თუმცა აბსოლუტურად ყველაფერია იმისთვის მზად, რომ ის სერვისები, რაც უზრუნველსაყოფია, მათ შორის კვების, წამლის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოტანის და მომარაგების, იქნება თავიდან ბოლომდე გათვლილი, გაანალიზებული, უზრუნველყოფილი და ხვალიდან ვიწყებთ კიდევ ერთ მასშტაბურ ღონისძიებას, ეს იქნება პრაქტიკულად ყველა ოჯახთან მისვლა, შესაბამისი აღჭურვილობით, ჯანდაცვის სამინისტროს კვალიფიციური კადრებით და ჩვენი ადგილობრივი მოხალისეების ჩართულობით, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე. ის სიმპტომები, რაც დაავადებასთან არის ახლოს, ჩვენ გადავაზღვიოთ, შევისწავლოთ, ოჯახები, პიროვნებები და სადაც კი იქნება რაღაც საეჭვო გარემოებები, იქვე დავიწყოთ მასშტაბურად ანალიზის გაკეთება“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.
მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 100 ადამიანი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულ ქალთან ჰქონდა შეხება.
„კავშირებიდან გამომდინარე გახდა საჭირო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოცვა და მე ვიყენებ დღევანდელ თქვენს ეთერს და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ ძალიან დიდი სერიოზული გამოწვევა გვაქვს, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა უფრო მეტი შეგნებით, უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავუფრთხილდეთ საკუთარ ოჯახებს, შვილებს, თაობებს, სამშობლოს, ამიტომ გადაუჭარბებლად უნდა ვთქვა, რომ შესასრულებელია ყველა სავალდებულო მითითება და, პირველ რიგში, სოციალური დისტანცირება, სახლში დარჩენა და ნაკლები კომუნიკაცია“, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, არის სრული კონტროლი, მაგრამ კორონავირუსით ინფიცირებულის კონტაქტების ჯაჭვი 100 ადამიანზე არ წყდება და ამ ხალხს შეიძლება კიდევ ჰქონდეს სხვაგან ურთიერთობა.
„ამიტომ, მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე, ჩვენ ვიღებთ უფრო მკაცრ პრევენციებს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ წუთისთვის რაიმე სიმპტომატიკა იმ ადამიანებთან, ვისთანაც იყო დაავადებულის კომუნიკაცია, ჯერ არ გვაქვს“, – აღნიშნა გუბერნატორმა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა სრულად არის მზად იმისთვის, რომ გაუმკლავდეს გამოწვევას.
„ამ ეტაპზე, რაიმე მასშტაბური ჰოსპიტალიზაცია არ იგეგმება. ჩვენ გვაქვს საკარანტინო სივრცეები, არიან ადამიანები თვითიზოლაციაში, შეიძლება საკარანტინე სივრცე მარნეულშიც დაემატოს ხვალ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰოსპიტალიზება იქნება ათეული ადამიანის. ჯერ ამის საჭიროება არ არის, თუ დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, მზად არის სისტემა და ჯანდაცვის სისტემა ამისთვის ყველა ნაბიჯს დგამს და სრულად მზადყოფნაშია“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, ადგილზე არის ყველა საჭიროება, რომ ჩატარდეს ანალიზები.
მთავრობა მარნეულსა და ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს აწესებს.