ქვემო ქართლის გუბერნატორი - ამჟამად შეზღუდულია გადაადგილება და დღის ბოლომდე ინსტრუქციებს მივიღებთ
მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, ავტომატურად, იზოლაციაში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ერთ მხარეს კარანტინში მყოფი ბოლნისი ესაზღვრება, მეორე მხარეს სახელმწიფო საზღვარია. არსებობს მესამე, შემოვლითი გზა, რომელიც წალკაში გადადის, თუმცა იქ გავლა მხოლოდ სამხიდიანი ავტომობილებით არის შესაძლებელი.
როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა და სიტუაციის შესწავლა.
„გარკვეული შეზღუდვები წარმოიშვა, ეს ბუნებრივიც იყო. თუმცა ამ მუშა პროცესში ჩვენ დავალაგებთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა გამარტივდეს ეს პროცესი. ამ ეტაპზე ვადასტურებ, რომ კომუნიკაციაც მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებს შორის იყო მჭიდრო და აქტიური. ამჟამად შეზღუდულია გადაადგილება და დღის ბოლომდე ინსტრუქციებს მივიღებთ“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.