ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალარინების ქსელის არარსებობით გამოწვეული პრობლემები კრწანისის რაიონში მცხოვრებ 200-მდე ოჯახს მოუგვარდება.
„ქვემო ფონიჭალაში წელს დავიწყეთ ძალიან მსხვილი პროექტის განხორციელება, რომელშიც ჩართულია კრწანისის რაიონის გამგეობა. ეს არის წყალარინების ქსელის სრული რეაბილიტაცია-განახლება. სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ქუჩიდან დაიწყო და ქსელი მოწესრიგდება რამდენიმე ქუჩაზე – ცოტნე დადიანის მეორე და მესამე შესახვევი, გურამ პატარაიას ქუჩა, ბაგრატის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, ჯემალ რაფავას ქუჩა, თამარ მეფის ქუჩა ჩიხებით, გულბანის ქუჩა (ავტობანიდან სოხუმის ქუჩის კუთხემდე), აფხაზეთის ქუჩის პირველი და მეორე ჩიხი. 200-მდე ოჯახს მოუგვარდება პრობლემები, რაც მათ წყალარინების ქსელის არარსებობის გამო აქვთ. დაახლოებით ოთხი კმ-ის სიგრძის ქსელი მოეწყობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქვემო ფონიჭალაში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციისთვის კრწანისის გამგეობის ბიუჯეტიდან 2 მლნ 400 ათასი ლარი დაიხარჯება, თუმცა, პროექტის სწრაფად დასრულებისთვის თანხას დამატებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც გამოყოფს.
დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ თბილისში არ დარჩება არცერთი რაიონი, უბანი და ქუჩა, სადაც საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაო არ განხორციელდება.