ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. როგორც შსს-ს ქვემო ქართლის სახაზო სამმართველოს უფროსი გიორგი ხურცია აცხადებს, სამართალდამცველების მხრიდან მოწმდება ავტომობილები და მოქალაქეებს საგანგებო რეჟიმის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
„საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნის აღსრულების მიზნით, ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შსს თანამშრომლების მიერ მოწმდება ავტომობილები, მოქალაქეებს ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას და ვაფრთხილებთ, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო რეჟიმი. რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. საკარანტინო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირები სამი ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 ათასი ლარით დაჯარიმდებიან“, – განაცხადა გიორგი ხურციამ.