ქვეითი პატრულები მოსახლეობის უსაფრთხოებას ვაკის პარკში, ლისისა და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზეც დაიცავენ [ვიდეო]
დღეიდან 20 ჯგუფად დაკომპლექტებული ქვეითი პატრულები ვაკის პარკში, ლისისა და კუს ტბების მიმდებარე ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე დედაქალაქის სტუმრების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს დაიცავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეითი პატრულების რაოდენობა 80-მდე გაიზარდა და გაფართოვდა მათი სამოქმედო არეალიც.
თავდაპირველად ქვეითი პატრულ-ინსპექტორები 10 ჯგუფად იყვნენ დაკომპლექტებული. პირველ ეტაპზე ისინი დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში პატრულირებას ახორციელებდნენ: შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, ზაარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის გამზირებსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე. ქვეით პატრულ-ინსპექტორებს გააჩნიათ თანამედროვე საპოლიციო აღჭურვილობა, მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერები.
შსს-ს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, ზაფხულის სეზონის განმავლობაში ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.