ქუვეითური ავიაკომპანია თბილისში რეგულარული რეისების დაწყებას გეგმავს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ქუვეითის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Jazeera Airways პრეზიდენტს როჰიტ რამაჩანდრანსა და ვიცე-პრეზიდენტს რაფიკ ბოგდადს შეხვდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქუვეითური ავიაკომპანიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს უახლოეს პერიოდში Jazeera Airways-ის მიერ თბილისსა და ელ-ქუვეითს შორის რეგულარული ავიარეისების დაწყების შესახებ. აღინიშნა, რომ ქუვეითის ავიაკომპანია საქართველოს საავიაციო ბაზარს განიხილავს, როგორც პერსპექტიულს შემდგომი საქმიანობის ზრდისა და განვითარებისთვის. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიმართ ყურის ქვეყნების დაინტერესების ზრდაზე, როგორც მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებაზე.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალური დირექტორი ქეთევან ალექსიძე.